109-ე ბაღის აღსაზრდელის მშობელი - შესაძლოა, ჩვენი პროტესტი გამოხატვის კარგი ფორმა არ იყო, მაგრამ არც ინფორმაციის მოწოდების ფორმა იყო მისაღები
შესაძლოა, ჩვენი პროტესტი გამოხატვის კარგი ფორმა არ იყო, მაგრამ არც ინფორმაციის მოწოდების ფორმა იყო მისაღები. ეს აგდებით მოწოდებული ინფორმაცია იყო, – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, 109-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელის მშობელმა ალექსანდრე არუთინოვმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე პირადად, ტელევიზიიდან გავიგე, რომ ხვალიდან ბაღი უნდა დაინგრეს და ბავშვები იქ აღარ მივლენ, რაც ძალიან დიდი სტრესი იყო. ჩვენ უბანში ოჯახების 90% გაჭირვებულია და ადამიანებს იმის საშუალებაც არ აქვთ, ბავშვები სადღაც სხვა ბაღში წაიყვანონ. უბანი გაჭირვებულია, მაგრამ ხალხი ისეთია, რომ ერთმანეთს ყოველთვის გვერდით უდგანან“, – განაცხადა არუთინოვმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეთანხმება შედგა და როგორია საინიციატივო ჯგუფის წევრთა მოლოდინი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, არუთინოვმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიღწეული შეთანხმება მათთვის დამაკმაყოფილებელია.
„რაღაცებზე შევთანხმდით. ჩვენ გვინდა, ბაღის შენობა გვერდით მშენებარე შენობის მფლობელებზე, ან ვინმეზე გაყიდული არ იყოს. ასევე გვინდა, სანამ ბაღის შენობის საძირკველი არ გამაგრდება, ბავშვები ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ ფართში იყვნენ. გვჯერა, რომ რაღაც გაუგებრობა იყო, რაც დღეს თვითონაც თქვეს. დაგვპირდნენ, რომ კარგ ფართში გადაგვიყვანენ, რასაც 100%-ით ვენდობით და ჯვარი გვწერია, ეს ტყუილი აღმოჩნდეს. უბანში რაღაცნაირი მებრძოლი ხალხი ცხოვრობს, ქალებიც ძალიან ვაჟკაცური გვყავს და ტყუილის მარტივად გატარება არ გამოვა“, – განაცხადა არუთინოვმა.
მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფში 10 ადამიანია, მათ უკან კი 700 კაცი – მშობლები, ბავშვები, მასწავლებლები და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, აზრი მათაც ჰკითხეს და ყველაფერი აუხსნეს.
საინიციატივო ჯგუფის წევრის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბაღის შენობა შესაკეთებელია და დემონტაჟი შეიძლება. ანუ, დემონტაჟი სავალდებულო არ არის.