ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით
ირაკლი ჩიქოვანი - საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით

ცხადი ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც შეზღუდული ტურისტული შესაძლებლობებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების შესაძლებლობას შესთავაზებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს წარმატებაზე კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.

პრემიერის მრჩევლის შეფასებით, ის, რომ მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო მედიასაშუალება ღიად საუბრობს საქართველოს წარმატებაზე „კოვიდ-19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით, საერთაშორისო პარტნიორების ნდობაზეც მიუთითებს.

„მსგავსი საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას შესწევს უნარი, ეფექტიანი იყოს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში; მეორე მხრივ, ისინი ენდობიან ჩვენს კერძო სექტორს, სასტუმროებსა და ტურისტულ ბიზნესს, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში. დაგროვილი გამოცდილება კი მათ აძლევს საშუალებას, თავიდან აირიდონ ნებისმიერი ფორმით „კოვიდ-19“-ის გავრცელება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

„შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელად წარმოგვიდგება“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“. „გვერდით გადავდოთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული არეალი აქვს – ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.  სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია, ახლა კი სურს, რომ ეს წარმატება დასვენებისკენ მიმართოს.