მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით 300 მლნ ლარი იქნება ინვესტირებული, დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა კი, გაორმაგდება
ყველას კარგად გვესმის, რომ ახალი კორონავირუსის ზემოქმედება გლობალურად ეკონომიკაზე საკმაოდ სერიოზული და დიდი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
მისი თქმით, მთავრობა სრულად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ბიზნესს, ეკონომიკას დაეხმაროს შეარბილოს დარტყმა ეკონომიკაზე და ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი, ასევე მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი.
„პირველი დარტყმა მიადგება კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ძირითადი დრაივერი ჩვენი ეკონომიკური ზრდის – ტურიზმს. ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, რომ მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, რომ მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი, რათა შეძლონ შემდგომ მიღწევების შენარჩუნება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფინანსური ვალდებულებების მომსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსგავს კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს.
„ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ამის ობიექტური საჭიროება ექნება, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს გარანტირებულად მათი სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ამ საშუალებით მხოლოდ ტურიზმის სექტორში დავტოვებთ დაახლოებით 100 მლნ ლარის ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, გუშინ საბანკო სექტორთან და ყველაზე მსხვილ ბანკებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური პირები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებული იქნებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ფინანსური, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, თავის მხრივ, მთავრობა ტურიზმის დარგთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებს საშემოსავლო და ქონების გადასახადებს გაუვადებს.
„რაც შეეხება მთავრობას, მთავრობა ამ ეტაპზე ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, ოთხი თვით გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, პირველ ნოემბრამდე. ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში ოთხი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი მაისი და ივნისი, დაახლოებით 100 მლნ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს“, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაგეგმილი 600 მლნ დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა გაორმაგდება.
„სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მლნ დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მლნ, რაც ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს 1 მილიარდ 200 მლნ ფინანსურ რესურსს დღგ-ს საშუალებით“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სტიმულირების გეგმა ეხება სასტუმროების კომპონენტსაც. ასევე როგორც პრემიერმა აღნიშნა, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებულ იქნება 300 მლნ ლარი.
„ამასთან ერთად არის სასტუმრო ბიზნესისთვის სასესხო მომსახურეობის კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების უკვე ძალზედ კარგად აპრობირებული მექანიზმი, აქ გავზარდეთ სასტუმროების ზომა – ოთხი ნომრიდან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებისთვის, ექვსი თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო თავისი რესურსიდან. ეს შეეხება დაახლოებით 2000 სასტუმროს. გარდა ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებულ იქნება 300 მლნ ლარი“, – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.