მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეები მომავალი წლიდან სწავლას უახლესი სტანდარტების შენობაში გააგრძელებენ
მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეები მომავალი წლიდან სწავლას უახლესი სტანდარტების შენობაში გააგრძელებენ

100 წლის წინ დაარსებულ თბილისის მე-100 საჯარო სკოლას ახალი შენობა ექნება.

სკოლაში სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ამჟამად შიდა და გარე მოპირკეთება მიმდინარეობს.

მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნო.

თბილისის მე-100 საჯარო სკოლა 1895 წლიდან ფუნქციონირებდა. საქართველოში ის ერთ-ერთი უძველესი შენობა იყო, რადგან 1804 წელს აშენდა. შესაბამისად, ატიპიური ნაგებობა თანამედროვე სკოლის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა.

არაერთი ექსპერტიზისა და სხვა წარმოშობილი პრობლემების გამო,  2016 წელს ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო, სადაც მოზარდები სწავლას 2018-2019 სასწავლო წლიდან გააგრძელებენ. ამ პერიოდამდე ისინი დროებით, 166-ე სკოლაში სწავლობდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის პროექტში გათვალისწინებულია შეკიდული აკუსტიკური ჭერები, ვინილის იატაკები და BMS-სისტემის დამონტაჟება. აღნიშნული სისტემა მოიცავს უკაბელო რადიო სიხშირულ კავშირში ჩართული მოწყობილობების ერთიან ფუნქციონირებას შენობის უსაფრთხო და ეფექტური მართვისთვის. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის განგაშის ღილაკის მოწყობა, აუდიოფიცირება რუპორული გახმოვანებით და ზარის მოწყობით, განათება სენსორებით (სველ წერტილებში და კიბის უჯრედში), ელექტრო ფარის მართვა, ჰაერის ხარისხის კონტროლი, სამზარეულოში გაზის გაჟონვის სენსორი და სასკოლო კარის გაღების დეტექტორი.