საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება.
„საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“ , – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, არ დაიხურება ეკლესიები და დაცული იქნება სოციალური დისტანცირება მოქალაქეებზე ზრუნვის მიზნით.
„ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიაში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
პრემიერის პრესსპიკერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.