10 000 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციაზე მთავრობა რეაგირების ვალდებულებას 2018 წლიდან აიღებს
2018 წლიდან, პეტიციების სამთავრობო პლატფორმა – ichange.gov.ge-ზე განთავსებულ ინიციატივებს, რომლებსაც 10,000 ხელმომწერი ეყოლება, მთავრობა განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ვებპორტალი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, ღიად, ელექტრონილი წესით დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები, მხარი დაუჭირონ მათთვის საინტერესო ინიციატივებს და 10, 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება ვალდებულება განიხილოს ეს პეტიციები და პასუხი აცნობოს ხელმომწერთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმის, ichange.gov.ge -ის შექმნის ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამოქმედო გეგმის მიხედვით აიღო.
ვებპორტალი უკვე შექმნილია და როგორც ამ გვერდზე ვკითხულობთ, „პლატფორმის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება“.
პორტალზე ჯერჯერობით მხოლოდ ორი პეტიციაა განთავსებული. ესენია ხელმოწერების 9,000-მდე შემცირება და ინიციატივა – სახელმწიფოს მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე. თუ თითოეულ ამ პეტიციაზე ხელმოწერების რაოდენობა 10,000-ს მიაღწევს, პასუხს ხელმომწერები, პრემიერის განცხადების მიხედვით, 2018 წელს უნდა ელოდონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა წელს პირველად გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა.