საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით პირველი იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სავალდებულო აცრები ვაქცინაციაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ეხება.
„სავალდებულო ჯერ რაიმე საჯარიმო სანქციებს არ მოიაზრებს. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ ხაზგასმა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. აცრები განსაკუთებით ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ. მათ შორის სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რომ იქ მომუშავე ადამიანებსა და ბავშვების მშობლებს ამის მნიშვნელობა კიდევ ავუხსნათ“, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების გაკეთება სავალდებულო ხდება. თუმცა ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში მშობლის მიმართ რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ არსებობს კვლევა, რომლის თანახმად, ამგვარი ჩანაწერის გაჩენა ამცირებს აცრაზე უარის თქმის მაჩვენებელს.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2 წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, 5 წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.