1-ელ ივნისს, ზაფხულის პირველ დღეს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 120 ბავშვს და მათ პედაგოგებს უმასპინძლებს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულ ბავშვებს პარლამენტი სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს.
პარლამენტის შენობაში სოფო კილაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ბავშვები დაესწრებიან სპექტაკლს „იქ, სადაც ჩემი სახლია“. პროგრამა 11:00 საათზე იწყება და 18:00 საათამდე გასტანს.
დღესვე, 11:00 საათზე იუსტიციის სასწავლო ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.
ასევე, 11:00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისი მარიოტში“ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ბავშვთა დაცვის დღის შესახებ პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას გაჟღერდა, ხოლო ამ დღის არსებობა 1949 წელს განმტკიცდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის საფიქრალს მომავალი თაობა წარმოადგენდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში პირველად 1950 წელს აღინიშნა.