„1 + 4" სისტემის კურსდამთავრებულთათვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის შეფასების პრეზენტაცია გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით „1 + 4″ სისტემის კურსდამთავრებულთათვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამის შეფასებისა და საინფორმაციო კამპანიის – „ეთნიკურ უმცირესობათა შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა” შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი კვლევა და ის მიგნებები, რაც კვლევის პროცესში გამოიკვეთა.
აღინიშნა პროგრამის როგორც მიღწევები, ისე გამოწვევები და დაისახა მათი გამოსწორების გზები.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ესაა სპეციალური პროგრამა, რომლითაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს თანამოქალაქეები გამარტივებული წესით, ერთი გამოცდით უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებიან.
„განვიხილეთ კვლევის შედეგები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე წვდომას და „1+4 პროგრამას“ დაეთმო. მოგეხსენებათ, ესაა სპეციალური პროგრამა, რომლითაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები გამარტივებული წესით, ერთი გამოცდით უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებიან. ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას სწავლობენ, შემდეგ კი, ბაკალავრიატის საფეხურზე, სწავლას სასურველი მიმართულებით აგრძელებენ. ეს პროგრამა უკვე ძალიან წარმატებულია, რადგან საბაზო 2010 წელთან მიმართებაში სტუდენტების რაოდენობა შვიდჯერ გაიზარდა, აბიტურიენტების კი, კიდევ უფრო მეტად”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანაა, ეს პროგრამა გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს, რადგან სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს რესურსის გადინება სხვა ქვეყნებში.
„ერთი დასკვნა, რაც ცალსახად შეიძლება გავაკეთოთ ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომელი ეთნიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდათ სწავლა საკუთარ სამშობლოში გააგრძელონ, აქ დასაქმდნენ და იცხოვრონ, რაც ძალიან ბუნებრივია. სახელმწიფოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ჩვენი რესურსების გადინება სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ეს პროგრამა გავაგრძელოთ და გავაუმჯობესოთ. ამაში გამოვიყენებთ იმ კვლევის შედეგებს, რომლებიც ალბათ იდენტიფიცირებას გაუკეთებს როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ თავად უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, თვითკრიტიკულები. ვნახოთ რა მუშაობს და რა – არა, რათა ჩვენი პოლიტიკის განხორციელების შემდეგ ეტაპზე ეფექტურები ვიყოთ,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრმა, მოადგილესთან ლია გიაურთან ერთად, საინფორმაციო კამპანიის „ეთნიკურ უმცირესობათა შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ მონაწილე ახალგაზრდებს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ აგრეთვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორი ეკა ქარდავა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე.
პროექტების მხარდამჭერები და ღონისძიების ორგანიზატორები აგრეთვე არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).