ირაკლი ბედნელიანი - გზებზე სამუშაოები დაიწყო მაშინვე, როგორც კი შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა
თბილისში წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონკრეტულ ლოკაციებზე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქტიურ ფაზაში კი, ზაფხულში შევიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთ მიზეზი იყო, დამატებით ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარის გამოყოფა, რომლის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადება.
„შესაბამისად, როგორც კი, ხელშეკრულებები გაფორმდა, იმ დღიდანვე დაიწყო სამუშაოები. 15 სექტემბრისთვის გზები ასფალტის პირველი ფენით ყველგან გაიხსნება. შესაბამისად, ამ კუთხით მძღოლებს გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნებათ“, – განაცხადა ბენდელიანმა.
რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, მისი თქმით, ყველა პროექტზე სხვადასხვა ვადაა და წლის ბოლომდე ყველა დასრულდება.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, უშუალოდ სავალ ნაწილზე არ იქნება არანაირი შეზღუდვა. იმ შემთხვევაში, სადაც საჭირო გახდება ასფალტის მეორე ფენის დაგება, სამუშაოები განხორციელდება ღამით, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე“, – განაცხადა მერის მოადგილემ.