უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთს მოუწოდებს, ქვეყანაში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინი დააკავოს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მონღოლეთს, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით ნაკისრი ვალდებულებები და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ვიზიტის დროს დააკავოს.
უკრაინის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობა „აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა“ და ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის მისი დაკავების ორდერი გასცა.
„უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მონღოლეთს, „აღასრულოს სავალდებულო საერთაშორისო ორდერი“ და გადასცეს პუტინი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
მონღოლეთში პუტინის ვიზიტი 3 სექტემბერს არის დაგეგმილი. ეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ მისი პირველი ვიზიტია რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაში.