​შალვა პაპუაშვილი - საქართველომ შეძლო უკრაინისადმი მაქსიმალური სოლიდარობის ჩვენება ისე, რომ არ იცავს ნატო და ევროკავშირის ეკონომიკური დახმარება, ასევე - ქვეყანაში უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფა
​შალვა პაპუაშვილი - საქართველომ შეძლო უკრაინისადმი მაქსიმალური სოლიდარობის ჩვენება ისე, რომ არ იცავს ნატო და ევროკავშირის ეკონომიკური დახმარება, ასევე - ქვეყანაში უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფა

ხელისგულზე დევს ყველაფერი, როგორც კი ჩვენი ოპონენტები ამწვავებდნენ ამ ხაზს, თითქოს კავშირებს რუსეთთან, რატომღაც იმ მომენტშივე, უნისონში, რუსეთიდან მოდის განცხადებები, რომლებიც ხელს უწყობს მათ ასეთ მიდგომებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ერთ-ერთ რუსულ არხზე, გადაცემაში გაკეთებული განცხადება, რომ „მმართველმა პარტიამ უკან გაიწვია კანონპროექტები, წავიდა ჩერჩილის გზით და აირჩია სირცხვილი, ამიტომ მიიღებენ სირცხვილსაც და ომსაც“, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს და მათ, ვინც საქართველოშია, მოუწოდებენ, თბილისისა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებში ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ, ზოგადად, საქართველოს ძალიან სარისკო პერიოდი აქვს რეგიონში, გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრებიდან გამომდინარე, თუმცა, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება.

პაპუაშვილის თქმით, განცხადება ბევრია, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე სწორედ ეს არის, რომ ყველანაირი ასეთი საფრთხე თავიდან არის არიდებული.

„საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში შეძლო, ერთი მხრივ, უკრაინის მიმართ მაქსიმალური სოლიდარობის ჩვენება ისე, რომ საქართველოს არ იცავს ნატო, არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური დახმარება და ასე შემდეგ; ვართ მარტო ამ რეგიონში, ყოველგვარი დაცვის გარეშე და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყავით სრულად სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამავე დროს, ჩვენ შევძელით, უზრუნველგვეყო ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულიყო უსაფრთხოება და მშვიდობა. იმ ფონზე, როდესაც მივიღეთ რუსეთიდან მოქალაქეები, მათ შორის ბევრი ქართველი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, მივიღეთ უკრაინიდან მოქალაქეები და საქართველოში არ ყოფილა არცერთი სერიოზული ინციდენტი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოების გარემოს რამენაირად შეცვლიდა. ამიტომ ასეთ განცხადებებსაც ერთ რამეს ვუპასუხებ – განცხადება ბევრია, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე, რომ ყველანაირი ასეთი საფრთხე თავიდან არის არიდებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.