​შალვა პაპუაშვილი - რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სრული მხარდაჭერა მივიღეთ
​შალვა პაპუაშვილი - რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სრული მხარდაჭერა მივიღეთ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სრული მხარდაჭერა მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მათ შორის შარშან, ივნისშიც.

„ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიო შენარჩუნებული იყოს და იქ, სადაც იქნება უკრაინა და მოლდოვა, უნდა იყოს საქართველოც. როგორც გუშინ პარლამენტში, ასევე დღეს პრემიერ-მინისტრისგან შემოთავაზება მივიღეთ მხარდაჭერის არა მხოლოდ ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ შემდეგ, რასაც ჰქვია კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სამართალთან და ამ მხრივ რუმინეთის მაგალითის გაზიარება. ხაზი გაესვა იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც სწორედ ასეთ მომენტებში იწრთობა, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს მხარდაჭერაა საჭირო. რუმინეთის მხრიდან სტატუსის მონიჭების პროცესში სრული მხარდაჭერა იქნება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, რომელიც რუმინეთსა და საქართველოს შორის 2022 წელს გაფორმდა. შავი ზღვაა ის, რაც რუმინეთსა და საქართველოს აერთიანებთ არა მხოლოდ ეკონომიკური და უსაფრთხოების მხრივ, არამედ როგორც ქვეყნებს, რომლებმაც ამ მხრივ შეიძლება, ლიდერობა გაწიონ, რათა ეკონომიკური თვალსაზრისით სრულად იყოს გამოყენებული იმ ხიდის პოტენციალი, რომელიც შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის მეშვეობით არის ევროპასა და აზიას შორის. ამავე დროს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავ ზღვაზე მდებარეობენ. ამ თვალსაზრისით, რუმინეთთან, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანასთან, რომელიც სამხედრო აღმშენებლობისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, ამ მხრივაც აქტიური თანამშრომლობა გვექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მარჩელ ჩოლაკუსს შეხვდა.