სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს - მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია
მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის, – ასე მიმართავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილში, რომლითაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
როგორც სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, საამაყოა, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია. ვამაყობ, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ჩვენი მყისიერი მხარდაჭერა ეხმარება საქართველოს COVID-19-ზე მტკიცე პასუხის გაცემაში. გისურვებთ წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან და მინისტრთა კაბინეტთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური აღდგენის რთულ პროცესში“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.