უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - მადლობა საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ამას ძალიან აფასებს.
„მინდა, აღვნიშნო საქართველოს მთავრობის, ასევე ქართველი მოსახლეობის მხრიდან ჰუმანტარული დახმარების გაწევა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც გაგვიწია საქართველოს მთავრობამ ერთი მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ დახმარებას, იმ მოქალაქეების, ვინც დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ჩვენი ტურისტების დაბინავება საქართველოს სასტუმროებში. უკრაინელი ტურისტებისთვის გახსნილია სადღეღამისო ცხელი ხაზი. საქართველოს ფოსტა უფასოდ აგზავნის უკრაინაში ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს. კიევში იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, ასევე მიემგზავრებიან ქართველი ექიმები. ამასთან, მიმდინარეობს სამუშაოები უკრაინაში სამედიცინო პრეპარატებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნასთან დაკავშირებით.
ქართული ფონდი აგროვებს ტანსაცმელს და სხვა პირველად ნივთებს ჩვენი ქალებისა და ბავშვებისთვის. საქართველოს პარლამენტის 65-მა დეპუტატმა სისხლი ჩააბარა უკრაინის დასახმარებლად. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გახსნა ანგარიში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის ფულის შეგროვებაში. სადაზღვევო კომპანია „არდი“ საქართველოში დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. საქართველოს რკინიგზა უფასოდ ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს მთელი შტაბი აგრძელებს მუშაობას საშტატო რეჟიმში. რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა დიდ ქალაქსა და პატარა ქალაქებში ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ დაფინა უკრაინის დროშები. ეს არის უკრაინის მიმართ ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშანი. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს მოსახლეობას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. იმედი გვაქვს, ჰუმანიტარული დახმარება უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.