​სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი - გვინდა, საქართველოსთან ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ
​სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი - გვინდა, საქართველოსთან ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ

საქართველოში ჩვენი ვიზიტი გამოხატულებაა იმ ინტერესის, რომ გვინდა, საქართველოსთან ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვქონდეს, – ამის შესახებ სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოში ჩამოსვლა მოვახერხეთ, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია და ეს არის ქვეყანა, რომელმაც ბევრი მსხვერპლი გაიღო და ბევრი ბრძოლა გადაიტანა, რათა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მიეღწია. ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებდით თვალს საქართველოზე მონაცემებს, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის დარგში“, – აღნიშნა დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე პარლამენტის მთავარ ფუნქციაზე ისაუბრეს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მოხდება შეთანხმებების საფუძველზე, ხელი მოეწერება სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებს გავაფორმებთ. ასეთ შემთხვევაში, სან-ტომე და პრინსიპის პარლამენტი არ დააყოვნებს ხელშეკრულების რატიფიცირებას“, – განაცხადა დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა.

მისი თქმით, დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ვიზიტმა და წეროვანის დევნილთა ჩასახლების მონახულებამ დიდი ემოციები გამოიწვია.

„ვიხილეთ ისეთი კონტექსტი, რომელიც იყო ძალიან სევდიანი. ცოტა სხვა რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ვნახე რეალური სიტუაცია საქართველოში, ჩვენი პოზიციები შეიცვალა, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა იმას შორის, თუ რა ინფორმაციას ეცნობი შორიდან და რას ნახულობ რეალურად ადგილზე. სიტუაცია საკმაოდ დრამატულია და მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ პრობლემების მოგვარებას და რაც შეიძლება, სწრაფად. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში ვნახოთ 300 000 ადამიანზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ქვეყანაში, რომელთაც არ აქვთ პირობები, არ აქვთ უფლებები, რომ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, სადაც არის ასევე ინტერპერსონალური პრობლემები, როდესაც მათ თითქმის ეკრძალებათ საკუთარ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ნათესავებთან ურთიერთობა. მინდა, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა.