2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში უკვე დაიწყო. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა 23 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდა და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.
კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას თქვენივე ქვეყნიდან.
გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, სიმღერით – „შენი ხმა“. ქართველი კონკურსანტი მინსკის არენაზე მე-13 ნომრად გამოვა.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას პირველი არხი ახორციელებს. კონკურსის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში, პირველი არხის ვებგვერდზე.