ნინო ლაცაბიძე გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მიეღო მონაწილეობა
რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ივანე გველესიანის ცემა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.
ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა და წინასაარჩევნო კამპანიაში დესტრუქციის შემოტანა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ინტერესებში შედის.
ლაცაბიძე გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ გუნდის წევრს მიეღო მონაწილეობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ივანე გველესიანს სცემეს. „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც გველესიანმა, რომელიც კორპუსის თანამშრომელი იყო, უარი განაცხადა „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოგროვებაზე და სამსახური დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ მისი დაშინება დაიწყო, რაც ცემით დასრულდა.