კახა კალაძე - საპატრიარქოსა და პატრიარქის შესახებ პრეზიდენტის განცხადებები გამაოგნებელია
მიზანმიმართული თავდასხმები პატრიარქსა და ჩვენს ეკლესიაზე არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები კი არ არის თავდასხმა, არამედ თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია გამაოგნებელი.
„პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების შეფასებას საპატრიარქოს მხრიდან თქვენ თავდასხმად აღიქვამთ? საოცარია. ნამდვილად გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა. პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში. მან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის. მიზანმიმართული თავდასხმები მასზე, ეკლესიაზე, ჩვენს სარწმუნოებაზე არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.