გრემის მამათა მონასტერთან არსებულ ვითარებას კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის წარმომადგენლები გაეცნენ
გრემის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნო ტაძარში არსებულ სიტუაციას და ეკლესიის წინამძღვარს, მღვდელმონაზონ იოანეს გაესაუბრნენ. როგორც სპეციალისტებმა განაცხადეს, შეგროვებულ ინფორმაციას, ტაძრის ზოგადი მდგომარეობის შესახებ, ასევე თუ როგორ აისახება ტექნიკით გამოწვეული ხმაური და ბიძგები ტაძარზე, ხელმძღვანელებს გადასცემენ.
გრემის ეკლესიასთან დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეებს კორპორაცია „გრემის“ ხელმძღვანელი შეხვდა და ობიექტისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი წარუდგინა.
„აქ არ იგეგემება არანაირი სასტუმროს მშენებლობა, არც აუზები და რესტორნები არ იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უსახური დახლების ნაცვლად კეთილმოწყობილი გავხადოთ ტერიტორია. იქნება საცხობი, ვენახი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები გაიყიდება. ტურისტებისთვის მოეწყობა სივრცე, სადაც კახური ტრადიციების გაცნობა მოხდება. არ ვაპირებთ, ტაძარს ზიანი მივაყენოთ, თუ საჭირო იქნება, უარს ვიტყვით ტექნიკის გამოყენებაზე და ხელით ავაშენებთ ობიექტს“, – განაცხადა კორპორაცია „გრემის“ ხელმძღვანელმა, ნიკა თუშიშვილმა.
მისივე განმარტებით, ტერიტორია აუქციონის წესით შეისყიდა, პროექტი კი შეთანხმებულია საპატრაიარქოსთან.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ყველანაირი მშენებლობის წინააღმდეგი არიან და პოზიციების დათმობას არ აპირებენ.