გორში გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ
გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.
ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან.
„აქ ვდგავარ და არავის ვუშლი ხელს. პროდუქტი არ მაქვს და არც რამეს ვანაგვიანებ. ვითხოვთ, მოგვცენ უფლება, გავაგრძელოთ ვაჭრობა, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. ყველას ბანკიდან გვაქვს ფული გამოტანილი. კი, გაგვაფრთხილეს, მაგრამ აქედან ვერსად წავალთ, ხვალ ისევ გავშლი დახლს. აგერ შადრევანი არ მუშაობს და იმას მიხედონ, ჩვენ რას ვუშლით. ვითხოვთ მერთან შეხვედრას. შემოგვთავაზეს სხვა ფართი, მაგრამ ის შორს არის და თან იქ არავინ მიდის. როგორ ფიქრობთ, იქ ვაჭრობა რომ იყოს, არ წავიდოდით?“, – განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოვაჭრეების ნაწილი გორის მერიასთან არის შეკრებილი და მერთან შეხვედრას ითხოვს.
როგორც ცნობილია, ტერიტორიის კონსტრუქციებისგან გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს. ორი დღის წინ კი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, რასაც გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.