გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს.
„ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა, რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენი სახით ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით, მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის.
ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.