აზერბაიჯანული მედია - ე.წ. ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადაეცემა
რუსი სამხედროები ე.წ. ლაჩინის დერეფანზე კონტროლს აზერბაიჯანს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, „ყარაბაღში დისლოცირებული რუსი მშვიდობისმყოფელები საგუშაგოების დემონტაჟს ახორციელებენ და ახალ გზაზე გადასასვლელად ემზადებიან, რომელიც აზერბაიჯანმა ლაჩინის გვერდის ავლით გაიყვანა“.
როგორც ბაქოში აცხადებენ, დღეიდან ლაჩინის რაიონის დასახლებები, ზაბუხი და სუსი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. მათივე მტკიცებით, „ქალაქ ლაჩინში და ამ დასახლებებში უკანონოდ მცხოვრებ სომხებს ტერიტორიის დატოვებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე ჰქოდნათ“.
ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, ე.წ. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქთან აკავშირებდა.
როგორც ბიბისი წერს, „2020 წლის ნოემბერში ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ლაჩინის გვერდის ავლით გამავალი გზის ახალ მარშრუტს შეათანხმებდნენ, ხოლო რუსი სამშვიდობოები ახალ გზაზე გადავიდოდნენ. ამისთვის განსაზღვრული იყო 3-წლიანი ვადა, რომელიც ჯერ არ ამოწურულა. 3 აგვისტოს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის შემდეგ სომხეთში განაცხადეს, რომ ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით სომხეთს ახალი გზის მშენებლობის არც ერთ გეგმა არ შეუთანხმებია. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ მათ გზის ნაწილის გაყვანა უკვე დაასრულეს და ის ექსპლუატაციაში მალე შევა. ბაქოში მიიჩნევენ, რომ სომხეთი ახალი გზის მშენებლობას განზრახ აჭიანურებდა“.