სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივ მაუწყებელთან სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანების გადახდა სრულად დააკისრა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, დააკისრა მისი გადახდა, განაკვეთი შეამცირა და მისი ოდენობა განსაზღვრა 0,07 %-ით.
სამოქალაქო სარჩელით საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს დაეფარა სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანება და დარიცხული პირგასამტეხლო.
საუბარია 2004 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „რუსთავი 2“-ს შორის გაფორმებულ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე, მათ შორის, საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურებაზე. ასევე საარქივო მომსახურების ხელშეკრულებასა და სუბლიცენზიებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიას საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურების ხელშეკრულებებით მაუწყებლის მიმართ დავალიანება შეადგენს 13 575 ამერიკულ დოლარს, საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარი, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევრო და 141 087 შვეიცარული ფრანკი.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრებას თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.