პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი – 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა – 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ – 11127.
გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.
სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.
პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია.
8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.
საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინი ხმის მიცემის პრინციპით შეერჩია.
ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე 2017 წლის 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე იყო შესაძლებელი.