საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური პროექტი მესამე მოსმენით 117- მომხრე ხმით, ორის წინააღმდეგ დამტკიცებულია. საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.
ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვენყნებამდე, პარლამენტი კონსტიტუციურ პროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს, მას საკანონმდებლო ორგანოსთვის მოტივირებული შენიშვნების წარდგენა და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს.
კონსტიტუციური პროექტისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საჭიროა არა 113 ხმა, არამედ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
78 მუხლისგან შემდგარი საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოიცავს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თავებს, ასევე სახელისუფლო შტოებს შორის ძალთა ბალანსს განსაზღვრავს.
რას გულისხმობს ადამიანის ძირითადი უფლებები
ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია და მას სახელმწიფო იცავს.
დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ადამიანის სიცოცხლე დაცულია, სიკვდილით დასჯა – აკრძალულია.
ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია.
რას ეფუძნება თანასწორობა
ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის, ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო განსაკუთრებულ ზომებს იღებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
სახელმწიფო განსაკუთრებულ პირობებს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის.
რას მოიცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება
ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია.
ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ან სხვათა უფლებების დასაცავდ.
ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა.
როგორ განისაზღვრება ქორწინების უფლება
ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
დაცულია თუ არა საკუთრების უფლება
საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მეამედის უმრავლესობით.
რას მოიცავს შრომის თვისუფლება
შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
დაშვებულია თუ არა ცენზურა
აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირსარ აქვს მასობრივი ინფორმაციის, ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
რა პრივილეგიები აქვს საქართველოს მოქალაქეს
საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით, ან ნატურალიზაციით.
მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.
საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ზრუნავს თუ არა საქართველო, როგორც სოციალური სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე
სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმარტებისთვის.
სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული განვითარებისთვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი განსაკუთრებულ პირობებს ქმნის.
სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე,ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.
სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე.
სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
არსებობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლება
ეკონომიკური თვისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალ მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.
დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთო უფლების გაუქმება.
რას ეფუძნება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.
იზღუდება თუ არა რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები
ყოველ ადამიანს აქვს რწმენის,აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
დაუშვებელია ადამიანის რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულებები მათ შესახებ.
ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
ვინ ირჩევს სახალხო დამცველს
საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, პარლამენტი ირჩევს.
სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.
სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა კანონით ისჯება.
დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ტერიტორიული ნიშნითშექმნა.
რა უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტს
პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა და 150 წევრისგან შედგება.
პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება ოქტომბრის ბოლო შაბათს.
პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც.
საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშებელია.
მთავრობის წევრი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ან ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
როგორია ე.წ. ბონუსის გადანაწილების პრინციპი – უმრავლესობა კონსტიტუციიდან აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას მომავალი წლის მარტში გეგმავს
პარლამენტის წევრის მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ვინ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს
საქართელოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევა იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში.
რა უფლებები აქვს საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პრეზიდენტი მთვრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელებს.
საქართველოს სახემწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიასთან.
მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს.
შეიწყალებს მსჯავრდებულებს.
სჭირდება თუ არა სამართლებრივ აქტსპრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთანახელმოწერა
საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემთხვევის შემდეგ. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
რა უფლებამოსილება აქვს საქართველოს მთავრობას
საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.
როგორია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა
ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, მთავრობის გადაყენებიდან ან პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა დადგენილ ვადაში არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ორი ან არაუგვიანეს სამი კვირაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადს მთავრობას.
თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძრის შემდეგ მთავრობას უნდობლობას არ გამოუცხადებს, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლბაში უნდობლობის აკითხის აღძვრა.
როგორია სასამართლო ხელისუფლების არჩევის პროცედურა
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, ხოლო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ სრული შემადგენლობის უმრავლესობისთ ირჩევს პარლამენტი.
რამდენი წლის ვადით აირჩევა მთავარი პროკურორი
საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით, საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს.
უშიშროების საბჭო უქმდება – ეროვნული თავდაცვის საბჭო იქმნება
საომარი მდგომარეობის დროს სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭო იქმნება, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.
განისაზღვრება თუ არა კონსტიტუციით ქვეყნის ევროპული არჩევანი
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებშიმიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
რას გულისხმობს გარდამავალი დებულება
გარდამავალი დეპულების ერთ-ერთი ნორმა რეფერენდუმის გარეშე, გადასახადის გაზრდას ეხება. კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვარის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებუოლი შემთხვევებისა.
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს.
გარდამავლი დებულებით განისაზღვრება ასევე ის, რომ საქართველოში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთჯერადად სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება და საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით აირჩევა.