იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ შერეულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირა
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ახალ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 375-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 215 კანონმდებელი იყო.
კანონპროექტი შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. 225 დეპუტატს მაჟორიტარული ოლქების მიხედვით აირჩევენ, 386 დეპუტატს კი პარტიული სიით.
კენჭისყრა ქვედა პალატაში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.
საარჩევნო სისტემა, რომელსაც მისი ერთ-ერთი ინიციატორი პარლამენტარ ეტორე როზატოს სახელი – Rosatellum-ი ჰქვია, ახლა იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ – სენატმა უნდა დაამტკიცოს.
რეფორმა ბოლო 20 წლის განმავლობაში იტალიის საარჩევნო კანონმდებლობის მეოთხე ცვლილება იქნება. წინა ცვლილებები განხორციელდა 1993, 2005 და 2015 წლებში.
იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის მაისში გაიმართება.