კაირი ირვინგმა კლივლენდ „კავალიერსის“ ხელმძღვანელებს ახალ გუნდში გადასვლაში დახმარება სთხოვა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ გამორჩეულ კალათბურთელს კლივლენდში თამაში აღარ სურს, იტყობინება ESPN.
ირვინგმა, კლივლენდის მფლობელს, დენ გილბერტს, გუნდიდან გათავისუფლება არაერთხელ მოსთხოვა. ნბა-ს 2016 წლის ჩემპიონს ისეთი კლუბის მოძებნა სურს, სადაც უდავო ლიდერი იქნება.
კაირის ლებრონ ჯეიმსის გვერდით თამაში აღარ სურს. თავად კალათბურთელის აგენტმა, ჯეფ უილშირმა, აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
„ჩვენ გუნდის ხელმძღვანელებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ. კონკრეტული ინფორმაციის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა დავადასტურებ, რომ კაირის სხვა გუნდში გადასვლის საკითხიც განიხილებოდა. დანარჩენ დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებ“, – განაცხადა უილშირმა.
„ნბა“-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ოთხგზის მონაწილეს შეძენის კანდიდატ კლუბებს შორის, ყველაზე აქტიურად მინესოტა „ტიმბერვულფსის“ კანდიდატურა განიხილება.