გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საერთო გამოწვევაა, რუსეთი რაციონალურ პოლიტიკურ დიალოგამდე მივიყვანოთ
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საერთო გამოწვევაა, რუსეთი რაციონალურ პოლიტიკურ დიალოგამდე მივიყვანოთ

საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საერთო გამოწვევაა, რომ მივიყვანოთ რუსეთი რაციონალურ პოლიტიკურ დიალოგამდე, სადაც არ განიხილება მხოლოდ მითები, სენტიმენტები, ემოციები და ნოსტალგია, არამედ განვიხილოთ ნამდვილი გადაჭრის გზები ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს რაციონალურად განიხილავენ, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირის წევრი საქართველო.

„თუ ჩვენ არ გადავხედავთ საკითხს, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთთან რაციონალურ დისკუსიას, თუ ავაგებთ ურთიერთობებს ემოციურ სენტიმენტებზე და მითებზე, რომელიც ხშირია პოლიტიკოსების გონებაში, ვფიქრობ, რთული იქნება მომავალის პროგნოზირება. თუ შევხედავთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, რაციონალური, სტაბილური და ჯანსაღი აზრის პრიზმით, უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირის წევრი საქართველო, რადგან საქართველო იქნება სტაბილური, ეკონომიკურად უფრო ძლიერი, შეძლებს მეტი პარტნიორობის შეთავაზებას რუსეთისთვის ეკონომიკური და სხვა მიმართულებით.

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ახდენს რუსეთი საკუთარი თავისა და სამეზობლოს იდენტიფიკაციას. ესაა საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საერთო გამოწვევა, რომ მივიყვანოთ რუსეთი რაციონალურ პოლიტიკურ დიალოგამდე, სადაც არ განიხილება მხოლოდ მითები, სენტიმენტები, ემოციები და ნოსტალგია, არამედ განვიხილოთ ნამდვილი გადაჭრის გზები ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როგორ აღიქვამს რუსეთი მეზობლობას, ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის პრობლემაა, ვინაიდან, გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთი მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა და თუ მის საზღვრებს გადავხედავთ, რუსეთს ევრაზიის კონტინენტის ნახევარი უკავია.