პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა

პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი – 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა  – 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ – 11127.

გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.

პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა.

სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.

პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია

8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა.

საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინი ხმის მიცემის პრინციპით შეერჩია. 

ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე 2017 წლის 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე იყო შესაძლებელი.