მეტ-ნაკლები ხარისხით ყველა “მოდურ” (ფილმშიც და სცენარშიცაა მინიშნება, რომ ეს პერსონაჟი “მოდური” მწერალია), ანდა, უკეთ ვთქვათ, მეტ-ნაკლებად პოპულარულ მწერალს რაღაც ეცნობა ამ პერსონაჟის გულწრფელი აღსარებიდან; მეტ-ნაკლები ხარისხით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი, ცნობილი თუ უცნობი, მწერალი განიცდის წნეხს თავისი საქმიდან, კრიტიკოსებისგან, მკითხველისგან…

მწერლობა და საერთოდ, შემოქმედება, სულის ღია ჭრილობით არსებობას ნიშნავს. თუკი ამ საქმეს მოეკიდე, უნდა შეეგუო კიდეც, ღია ჭრილობა არ დაიხურება, დროდადრო მარილსაც მოგაფრქვევს უხილავი ხელი ჭრილობაზე, შენ როგორ იტან ტკივილს, როგორ უძლებ, რა ამოგაქვს ღია ჭრილობიდან, რას ეშურები, რას ამკვიდრებ, რას იკმაყოფილებ შენი ტკივილით – საკუთარ პატივმოყვარეობას, თუ ადამიანური არსებობის, ადამიანური ღირსების მრწამს.

ბადრი არასდროს ყოფილა “მოდური” მწერალი, ბადრი ჭოხონელიძე ღირსეული კაცი იყო, თავის ტკივილს არ მოგახვევდა, არ გაგრძნობინებდა, სხვისი ტკივილის გამზიარებელი და მხარში ძმურად დამდგომი კი ხშირად მინახავს. ტომეულები არ დაუტოვებია, დატოვა “ძმა” და სხვა შესანიშნავი მოთხრობები, ცხოვრობდა ისე, როგორც თავისი შექმნილი პერსონაჟი – სამართლიანობის განცდით, ადამიანური ხიბლითა და სიამაყით. ღმერთმა აცხონოს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველდღიური ცხოვრებით ამბობდა თავის მთავარ სათქმელს მწერლობაში.

 

1 2 3 4 5 6