(დასაწყისი იხ. თებერვალი)

 

16 მარტი, 2018

თვალი რომ გამოვახილე და ეზოში გამოვბედე, აღმოვაჩინე – როგორც ყოველთვის, ყველა ხეს ახლაც დაასწრო ნუშმა – შეიფეთქა, როგორც ყოველთვის, ახლაც მიტოკებს გულს, სევდაც მოაქვს, რაღაცნაირი სევდაა – მაცოცხლებელი სევდა დავარქვი ჩემთვის, ჰოდა, ესე იგი, ცოცხალი ვარ, – მარტოდშეფეთქილმა ნუშმა კვლავაც მაჩუქა ჩემი მაცოცხლებელი სევდა.

ერთი ლოკალური “ზაპოიც” გადავიტანე, შადიმან.

სწორად შენიშნა მალხაზ ხარბედიამ თავის წერილში, ერიდებიან ხოლმე ქართველი მწერლები ნარკო თუ ალკოგოლურ დამოკიდებულებაზე წერას. “ღრუბელი, სახელად დარინდა” ამ მძიმე მდგომარეობის აღწერით იწყება. არაერთგზის გადამიტანია, ამჯერადაც გადავიძაგძაგე, მართლაც რომ საძაგელი ეგ “ზაპოი”, გამოვბედე ეზოში და თეთრად შეფეთქილი ნუში დამიხვდა; სახლები, სპორტული მოედანი, სხვა ხეები ეზოში ჩამქრალი დეკორაციის ფონს ქმნიდნენ, მხოლოდ ის გამონათებულიყო სევდიანი მარტოსულობით.

წარმოიდგინე რუსთაველის თეატრის დიდი სცენა (ფანტასტიკური სივრცეა, იმ თეატრს ჰგავს, ბურატინომ რომ შეაღო ოქროს გასაღებით), წარმოიდგინე რომ ამ სცენაზე მხოლოდ ერთი, თეთრად შეფეთქილი ხე დგას დეკორაციად, იმწამსვე იგრძნობ მომავალი სპექტაკლის ატმოსფეროს, სევდასაც იგრძნობ, იმ სევდას, რის გარეშეც ადამიანი არ არსებობს; ანდა, დავაზუსტებ, სევდას, რომელიც გვეხმარება, ადამიანად ვიგრძნოთ თავი, ადამიანები რომ დავრჩეთ ამ აბორგებულ, რიგ შემთხვევაში აწყვეტილ, პირსისხლიან, ზნეცვლილ, გადაშლეგებულ სამყაროში.

უელბეკის წერილების წიგნი წავიკითხე. ერთ-ერთ წერილში ალკოგოლურ დამოკიდებულებასა და შემოქმედებით პროცესზე წერს ძალიან თავისუფლად, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე; წერს, როგორც უნდა წერდეს მწერალი – სიღრმისეულად და გასაგებად, უკანმოუხედავი სინაღდით. ბევრი რამ მეცნო, ბევრჯერ გადამიტანჯია, სულ ახლახანსაც გადავიტანჯე და თავს თუ არ შეგაწყენ, ამაზე მინდა მოგწერო.

“ზაპოი”. ქართულად “გაბმულა” ჰქვია თურმე. სხვათა შორის, არ ვიცოდი, ესეც მალხაზ ხარბედიას  წერილში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. კარგი, სახიერი, თვითირონიით შეფერილი სიტყვა გვქონია, მაგრამ  “ზაპოის” ვხმარობთ მაინც. “ზაპოი” ავიკიდეო – ვიტყვით, ტრიპერივითო, – იგულისხმება.

ყველაზე მუხთალი, ვერაგი ეგ დედააფეთქებული “აკიდებაა” სწორედაც.

დასამალი არაფერია – მსმელი კაცი ვარ, საღამოხანს მირთმეული ერთი ბოთლი ღვინო დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის საზღაურია, შეიძლება ითქვას, მოპოვებული თუ დამსახურებული ჯილდოა, საჩუქარია ჩემთვის, მაგრამ ალკოგოლზე დამოკიდებულების მიუხედავად, ჩემი პროფესიისთვის არასდროს მიკადრებია, ნასვამი მივჯდომოდი მაგიდას. იდეა გამჩენია ნასვამზე, ჩამინიშნავს ფურცელზე, ხშირად მომხდარა ასე, მაგრამ ის, რასაც მუშაობას ვეძახი, მხოლოდ სიფხიზლეში, საღი გონებითა და ენერგიის სრული მობილიზებით მიმდინარეობს. ერთხელ, ახალგაზრდობაში, “ბალახი” მოვწიე, მოიტანა, მაგრამ რა მოიტანა იმ “ბალახმა”, – ისეთი “იდეები” დამასია თავს, ვიფიქრე, ამის ჩანიშვნა თუ მომიხერხდა, ირაკლის ნაცვლად ხვალ დილით გენიოსი გაიღვიძებს -მეთქი. როგორღაც ჩავინიშნე – სრული ბოდვა, ნაბოდვარი, სიბრიყვის კაკაფონია, რომელიც ჩამოყალიბებულ და უპირობო სიგიჟესთან იყო წილნაყარი.

კაცმა რომ თქვას, “ბალახი” ანტიდეპრესანტი უფრო მგონია, ვიდრე ნარკოტიკი; არც იმას დავმალავ, რომ სერიოზული, სახიფათო ნარკოტიკიც გამისინჯავს, მაგრამ ნარკოდამოკიდებულებამდე, “ლომკამდე” არასდროს მისულა საქმე. ჩემს ბუნებაში არ ზის ნარკომანი, იქ სხვა “პროცედურებია” ჩასატარებელი, სხვა ურთიერთობებია, ცხოვრების სხვა წესია, რაც ჩემი არაა – ალკოგოლს კი ახალგაზრდობიდან, სტუდენტობიდან ვეტანებოდი. სმა, ქეიფი, სტუდენტური თავყრილობები ალკოგოლის (ძირითადად არყის) თანხლებით – არის ამაში რაღაც მიამიტურად ბავშური, მიამიტური რომანტიზმით შეფერილი, ზოგადად – მიამიტური…

მერე, თუკი იქამდე მივიდა საქმე, რომ რაღაც მდგომარეობის შესაქმნელად, მდგომარეობის მოსახელთებლად მარტოობაში დაიწყე “ჩარტყმა”, ჩათვალე – ალკოდამოკიდებული ხარ უკვე.

კარგამოკეტილი ცხოვრების წესიდან გამომდინარე საკმაოდ ადრე დავიწყე მარტოობაში “ჩარტყმა”, თუმცა, ვიმეორებ – არასდროს მიკადრებია ჩემი საქმისთვის, პროფესიისთვის, ნასვამი, თუნდაც ოდნავ “ჩარტყმული” მივჯდომოდი მაგიდას. შესაძლოა მე ვარ ასე, მაგრამ პირადულზე გწერ და როგორიც ვარ, ისეთად მინდა დავრჩე; ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვამბობ – სამუშაო პროცესი წმინდათაწმინდაა, ხელშეუხებელი, მოსაფრთხილებელი რამაა ჩემთვის; ნაყოფიერად თუ უნაყოფოდ ჩავლილი დღის შემდეგ შესმული ერთი ბოთლი ღვინო რიგ შემთხვევაში დამსახურებული ჯილდოა, რიგ შემთხვევაში კი უბრალოდ ერთი ბოთლი ღვინო, რასაც ჩემი ალკოდამოკიდებული ტვინი მთხოვს.

 

1 2 3 4 5 6