20 მარტი, 2018

 

ამას წინათ, სიტყვამ მოიყოლა და ჩვენი დროის მწერლებზე ვსაუბრობდით,   გარდაცვლილებზე,  ცოტა არ იყოს, უკვე მივიწყებულებიც რომ ეთქმით. მითხარი, “ელექტროლიტში” თითო ნაწარმოები მინდა გამოვუქვეყნო ხოლმეო. ჰოდა, პირველ რიგში, ორივეს ერთი კაცის სახელი წამოგვცდა.

არიან მწერლები, რომლებიც, შესაძლოა, არც ისე ბევრს წერენ (ან, იქნებ, წერენ კიდეც, ეს არავინ იცის, მაგრამ რჩეულ კრებულებად და ტომებად არ ახვავებენ დაწერილს), თუმცა ცხოვრობენ, როგორც მათი შექმნილი გმირი იცხოვრებდა – სამართლიანობის განცდით, ადამიანური ხიბლითა და სიამაყით, რასაც არავითარი საერთო აქვს არც ნარცისიზმთან, არც პატივმოყვარეობასთან, რასაც, უბრალოდ, კაცის ღირსეული ცხოვრება ჰქვია.

ჩვენი მამების, 60-იანელთა შესანიშნავი თაობის (სხვათა შორის, შესანიშნავი თაობაა არა მარტო მწერლობაში და არა მარტო საქართველოში, ზოგადად გამორჩეული თაობაა მსოფლიოში) და შვილების, 80-იანელთა შორის, ჩვენი უფროსი ძმების, 70-იანელთა თაობა იყო, 70-იანელებში კი ერთი ღირსებით აღსავსე პიროვნება და მწერალი, ჩვენი  საერთო მეგობარი –  ბადრი ჭოხონელიძე.

არ ვიცი, გახსოვს თუ არა, ჩემო შადიმან, ბიჭვინთის სემინარზე წასვლის წინ მიხსენე ბადრის სახელი, ჩემზე ადრე გაიცანით შენ და სულგანათლებულმა თამაზ ბაძაღუამ მოსკოვში, მე ჯერ არ შევხვედროდი და გაცნობისთანავე დავრწმუნდი, მართლაც უფროსი ძმა რომ იყო.

მერე ისე მოხდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ალმანახ “დრამატურგია”-ში, ის მთავარი რედაქტორი იყო, მე – მისი მოადგილე.

ახლახანს ჩამივარდა ხელში არკადი და ბორის სტრუგაცკების კინოსცენარი “სტალკერი”, რის მიხედვითაცაა შექმნილი ანდრეი ტარკოვსკის გენიალური ფილმი. გემახსოვრება, სტალკერს აკრძალულ ზონაში შეჰყავს მეცნიერი და მწერალი, ორ ნაბიჯზე მიუახლოვდებიან კიდეც ოთახს, სადაც ყველაზე სანუკვარი ოცნება ხდება, მაგრამ ოთახში არ შედიან. თვითონ რეჟისორისთვის სტალკერის ცოლის სახე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფილმში. ეს არაა დიდი როლი, მაგრამ დიდ ფუნქციურ დატვირთვას ატარებს – ადამიანური არსებობის, ადამიანურობის შინაგანი განცდის უპირატესობაზე მეტყველებს ადამიანური ენით და არა რომელიღაც განზოგადებული ჭეშმარიტების ძიებაზე, რასაც პროფესორი (მეცნიერება) და მწერალი (ხელოვნება) ელტვიან. ტარკოვსკიმ გასული საუკუნის 80-იან წლებში ამოიცნო, იწინასწარმეტყველა მატერიალიზმის გამარჯვება სულიერებაზე, ნიჰილიზმით შეპყრობილი კაცობრიობის სახე დაინახა, რასაც ადამიანის სახე აღარ აქვს, რადგან ადამიანურობისგანაა გამოფიტული. მწერლის მონოლოგის ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებ სცენარიდან: “რაში გჭირდებათ? საერთოდ რას გაძლევთ ცოდნა? სინდისი შეაწუხებს ვინმეს? ან კი, მე შემაწუხებს სინდისი? მე არ გამაჩნია სინდისი. მე მხოლოდ ნერვები მაქვს. ვიღაც ნაძირალა გამლანძღავს – ჭრილობაა. სხვა ნაძირალა შემაქებს – ჭრილობას ჭრილობა ემატება. სულს ჩაღვრი, გულს ჩადებ შენსას – შეგიხრავენ, შეგითქვლეფენ სულსაც და გულსაც. საზიზღრობას ამოიზიდავ სულიდან – იმასაც შეახრამუნებენ. ისინი, ყველანი, ხომ თავფეხიანად ყოვლისმცოდნეები ბრძანდებიან: მათ, ყველას, სენსორული შიმშილი უწრიალებს სტომაქს. და თანაც, შენს ირგვლივ ქუჩდებიან – ჟურნალისტები, რედაქტორები, კრიტიკოსები, ძუკნა ქალების შეუწყვეტელი მდინარება. და ყველანი მოითხოვენ: “მიდი! მიდი!..” რა ჯანდაბის მწერალი ვარ, თუკი წერას ვერ ვიტან, თუკი ჩემთვის ტანჯვაა წერა, ავადმყოფური, სამარცხვინო საქმიანობაა, რომელიც ჰემოროის გამორწყვას დაემსგავსა. ჩემი წიგნების წყალობით უკეთესი გახდება-მეთქი ვიღაც – მეფიქრებოდა ადრე. არავისაც არ ვჭირდები! ჩავძაღლდები და ორ დღეში მიმივიწყებენ, სხვას დაუწყებენ ცოცხლად ჭამას. მათ გადასხვაფერებას, გაუკეთესებას ვესწრაფვოდი, სინამდვილეში კი მათ გადამაკეთეს, მათ მაქციეს სახედ და ხატად თვისად!”

 

1 2 3 4 5 6