წლებმა გამოცდილება შემძინა, ვისწავლე, როგორ ვმართო თავი, რათა “ზაპოიმდე” არ მივიდეს საქმე; თუმცა, ცოდნა ერთია, ცხოვრება არ იმართება მხოლოდ ცოდნით, ცხოვრება ნერვებია, ემოციები, ვერგასრულებული საქმის მტანჯველი სიმძიმე, ვერამოთქმული სიტყვის მწარე გახირვა ყელში, ბევრი სხვა რამ, რასაც ერთ დღეს, მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც მივყავარ არასასურველ მდგომარეობამდე, მუხთლად, ვერაგულად “მკიდებს ზაპოის”.
ბოლომდე “ჩაშვება” დილის იმ წუთიდან იწყება, როცა აცნობიერებ, – სამუშაო გაშინებს, მაგიდაზე დაშლილი ფურცლები გთრგუნავს, შვება გჭირდება, ცოტა საშველი, ცოტა, სულ ცოტა და მერე ყველაფერი დალაგდება, გონება გაგინათდება, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობ, საქმეს ეშველება, საქმეს სჭირდება ეს ცოტა საშველი, ცოტა, სულ ცოტა…
რა თქმა უნდა, თავს იტყუებ, რა თქმა უნდა, ზუსტად იცი, ასე არ მოხდება, სხვაგან მიექანები უკვე, მაგრამ უეცრად წვეული ცდუნება თავს არ განებებს, გპირდება ახალ იდეებსა და საინტერესო დეტალებს, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი, გპირდება მონატრებულ ადამიანურ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან (ორი ბინა გვაქვს დიდ დიღომში, მე დედასთან ვცხოვრობ, ჩემი ოჯახის წევრები სხვა ბინაში, ჩვენს მახლობლად ცხოვრობენ); ჰო, ამას გპირდება, თანაც გახსენებს ის ცდუნება, რომ დიდი ხანია, ოჯახი არ მოგიკითხავს, დრო არ დაგითმია მათთვის და ჩამჟავდი, ჩაითუთქე შენს წარუმატებელ მცდელობებში, ნიშნისმომგები ჩაღიმებით გეუბნება, რომ გატყიურდი ბუნაგში გდებით და – რატომ? რისთვის? – როცა აქვე არიან, ხელის ერთ გაწვდენაზე, ამის მერე კი გარწმუნებს, რომ გადაიღალე, რომ შენც ადამიანი ხარ და ხანდახან გჭირდება დასვენება, რომ, რომ, რომ, და ამდენი “რომ”, რომ აღარ არსებობდეს, ამდენი “რომ”, რომ ხელის ერთი მოსმით მოიშთოს, ცოტა საშველიც იკმარებდა, ცოტა, სულ ცოტა, ერთი ციდა საშველი…
მართლაც ტრიპერივითაა, სიამოვნებას გთავაზობს, რეალურად – გაავადებს…
ადრე, ახალგაზრდობაში, ფაქტობრივად, ყოველდღე ვსვამდი არაყს, მაგრამ ვსვამდი ისეთი გათვლით, რომ ერთი სამუშაო დღე ორ სამუშაო დღედ მექცია. დილის 17 წუთზე ვიწყებდი მუშაობას, ასე გრძელდებოდა შუადღემდე, სადილობისას ნახევარ ბოთლს ვსვამდი და ვიძინებდი, რათა ახალი თვალით წამეკითხა დაწერილი. საღამოხანს ისევ ვჯდებოდი მაგიდასთან და გვიან ღამემდე ვმუშაობდი. ისედაც ბევრს ვეწევი, მუშაობისას კი ამას მოწევა აღარ ქვია, მუშაობის დროს, შეიძლება ითქვას, ჟანგბადს ვეწევი დროდადრო, სიგარეტის კვამლს – ვსუნთქავ. ამდენი სიგარეტის შემდეგ ძნელია დაძინება, ამიტომ, ღამით, ნამუევარზეც ვსვამდი 200-250 გრამ არაყს და ვიძინებდი, რომ დილით საღი გონებით მემუშავა.
ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. შეუძლებელია, ყოვლად წარმოუდგენელი, ცხოვრების ამგვარი წესი ჯანმრთელობაზე არ ასახულიყო. ახლა ვერიდები არაყს, მაგრამ, როგორც წესი, “ზაპოი” არყით იწყება; ცდუნება, რომელიც ასე მონდომებულად დაგტრიალებს თავს, ცოტა, სულ ცოტა, უმნიშვნელოდ ცოტა არაყს გთავაზობს შვებად.
უმნიშვნელოდ ცოტა არაყს პლასტმასის ასგრამიან “ჩეკუშკებში” ასხამენ; ორასგრამიანებშიც ასხამენ არაყს, მაგრამ თავს იმითი იმშვიდებ, რომ ცოტა გჭირდება, ძალიან ცოტა, ძალიან ცოტა კი ასგრამიან “მერზავჩიკს” ნიშნავს…
ასგრამიანით დაიწყო ეს ლოკალური “ზაპოიც”.
უნდა ითქვას, რომ განთიადის მერამდენეღაც წუთზე წვეულ ცდუნებას, საკმაოდ ნერვიული ფონი უძღოდა რამდენიმე დღით ადრე. ნუ ჩავეძიებით მიზეზს, ყოფითი პრობლემა დავარქვათ, ჩვეულებრივი ამბავია დღევანდელ საქართველოში, განსაკუთრებული არაფერი – საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ დაძაბულ რეჟიმში ცხოვრობს. ჰო, მართლაც ასეა, მაგრამ ცალკე ვერგასრულებულმა საქმემ, ცალკე ყოფითმა “ზეწოლამ” საღამოხანს შერგებული ერთი ბოთლი ღვინო ორი ბოთლით ჩაანაცვლა, რამაც თანდათან მოიტანა სრული კატასტროფის მწველი განცდა, გააჩინა გარდაუვალი მარცხის სიახლოვით გამოწვეული ძრწოლვა, მძაფრი შიში შვა – ცხოვრების, სამუშაო მაგიდის შიში (ცნობილი ამბავია, მსახიობებში სცენის შიში არსებობს).
ჰოდა, აი, ისიც მეწვია ამა წლის მარტის დასაწყისის რომელიღაც განთიადის მერამდენეღაც წუთზე, რამეთუ მითქვამს და გამგონმა გაიგოს – “ზაპოი” ღამით არ იწყება, “ზაპოი” განთიადის დილაბნელზე მოდის, როცა ჯერ კიდევ არ უნათია, მაგრამ ჰა, სადაცაა ინათებს და ახალი დღის გათენებას შიშით ხვდები, სულიც, სხეულის ყველა ნერვიც ცოტა, უმნიშვნელოდ ცოტა, სულ ერთი ციდა საშველს გთხოვს…
აქ კი ყველაზე არგასამხელი, ყველაზე “ბანძი”, ჩემთვის ყველაზე დამამცირებელი, მაგრამ ობიექტურად კი ყველაზე საინტერესო პროცესი იღებს სათავეს – თამაში.