იქ კი ვიგრძენი, რომ “ცოტა საშველით” არ დასრულდებოდა ამბავი.

არ დასრულებულა. ასგრამიანმა “მერზავჩიკმა” მართლაც მოიტანა შვება თუ სიმშვიდე; არც კი ვიცი, რა დავარქვა, მაგრამ შფოთი გააქრო, სევდანარევი თვითირონიით ჩამაღიმა კიდეც საკუთარ თავზე  და კალათბურთის ბურთზე, რომელიც სტადიონის მახლობელ სკამთან, ჩემს სიახლოვეს მიგდებულიყო ფუჭად, უსაგნოდ, სუფრასთან თეფშში თავჩარგული თანამეინახესავით…

მოვიწონე ეს მდგომარეობა, მომეჩვენა, რომ ცოტაც მჭირდება, ცოტა, სულ ცოტაც და…

შინ რომ ავედი, ბურთთან ერთად ორასგრამიანი “მერზავჩიკიც” ავიყოლე.

“თამაშის” თვისობრივად ახალი ფაზა იწყება. – “დედამ არ უნდა შემამჩნიოს, ინერვიულებს!” – ჰქვია ამ ფაზას.

ყველაზე უცნაური იცი რა არის, შადიმან?! – სიამოვნება, რასაც “თამაში” განიჭებს; უკადრისი, დამამცირებელი ტყუილი, რითიც შენთვის ყველაზე მახლობელ ადამიანს ატყუებ; რაღაცნაირი, სრულიად აუხსნელი, აბსურდული საქმიანობით ხარ დაკავებული – “კვალს აქრობ” და აქაც გრძნობ “სიამოვნებას” – თითქოსდა საჭირო, მნიშვნელოვან საქმეში ხარო ჩართული. მერე, თანდათან, მჟღავნდები რაღა თქმა უნდა. ამ ეტაპიდან “თამაში” წყდება, იწყება კოშმარი, ოჯახის წევრების დაბარება იმ მიზეზით, რომ შენ არ ძალგიძს მაღაზიამდე მიღწევა და ისინი უნდა დაგეხმარონ – არყის ნაცვლად ღვინო ამოგიტანონ, რადგან არაყმა აგკიდა “ზაპოი” და ღვინო გიშველის, ცოტა, სულ ცოტა ღვინო გიშველის…

მცირე შეწინააღმდეგებაც კი შენს მძაფრ აგრესიას იწვევს, გახსენდება მრავალრიცხოვანი პრობლემები, ვერგასრულებული საქმეც გახსენდება და ყოფით პრობლემებს აბრალებ საქმეში წარუმატებლობას, მერე კი, რაღაც ეტაპზე, პრობლემებსა და ვერგასრულებულ შენს საქმეს კედელს აჭყლიტავ, კედელს სცემ მუშტით…

ტკივილს ცოტა ხნით მოაქვს შვება, თითქოს მშვიდდები…

მერე – თავიდან, სანამ მართლაც არ გადაიძაგძაგებ, ოფლად არ გამოიშხამავ სხეულიდან, სანამ საბოლოოდ არ დაოსდები…

სხვისი არ ვიცი, ჩემო შადო, სხვა იქნებ წვეთსაც არ იკარებს პირში, ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე, მე – ასე ვარ, არც მომიკლია, არც გადამიჭარბებია რამე, იმასაც გეტყვი, რომ ზოგიერთი “ზაპოიდან” რაღაც დეტალები გამომიყოლებია ხელს და ეს სამუშაო პროცესში დამხმარებია; ამჟამინდელი “ზაპოი” კი შედარებით ლოკალურ დისტანციაზე გამომყვა – ამა წლის მარტის დასაწყისის რომელიღაც განთიადის მერამდენეღაც წუთზე დაიწყო და ამავე წლის 10-11 მარტისთვის დასრულდა; მერე ეზოში გამოვბედე და აღმოვაჩინე – როგორც ყოველთვის, ყველა ხეს ახლაც დაასწრო ნუშმა, მარტოდშეფეთქილმა ნუშმა, როგორც ყოველთვის, ახლაც მაჩუქა ჩემი მაცოცხლებელი სევდა და, ესე იგი, ჯერაც ცოცხალი ვარ, მაგიდასთან მივბრუნდი, აგე, ისიც კი მოვახერხე, რომ 17 მარტს გიგზავნი წერილს.

P.S ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე ერთი სახალისო ისტორია გადაგვხვდა კოტე ჯანდიერს, ზვიად რატიანს, ბესო ხვედელიძეს და მე. ვიფიქრე, ამასაც ჩავურთავ-მეთქი წერილს, მაგრამ სხვა დროისთვის მოვიტოვე ეგ ამბავი; ერთს კი გეტყვი, იქაც ერია “ზაპოი”, ქართულად “გაბმულას” რომ ეტყვიან თურმე.

 

1 2 3 4 5 6