ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს დედაჩემი, ის რომ არა, აქამდე, ალბათ, ვერც მოვატანდი, მაგრამ პირველი და უმთავრესი დაბრკოლება (დაბრკოლება რომაა, ამიტომაც მეხმარება) სწორედ დედაა. დედა გუმანით გრძნობს ხოლმე ჩემს მდგომარეობას, ძალიან დამაჯერებლად უნდა ვითამაშო, რომ ეზოში ჩასვლის მიზეზსა და მიზანს ვერ მიმიხვდეს. ვთამაშობ – ვცდილობ, ვიყო დაინტერესებული და ადეკვატური; დაინტერესება იმაში გამოიხატება, რომ საინფორმაციო ხასიათის (მაესტროს) პროგრამის ცქერისას ინტერესი გამოვამჟღავნო და – “ნახე, რა ხდება?” – ამ სიტყვებით გამიკვირდეს რაღაც. ამ დროს დედა ყავას ადუღებს, ყავას შევექცევით, სიგარეტს ვეწევით, ვუცქერთ ტელევიზორს. მე “გატაცებით” ვამჟღავნებ ინტერესს,  ცალი თვალი საათისკენ გამირბის. ჯერ ადრეა, მაღაზიას რვა საათამდე არ გააღებენ. არსებობს სხვა, სადღეღამისო მაღაზიაც, მაგრამ იქ არ აქვთ “ცოტა საშველი”, იქ ორასგრამიანი “ჩეკუშკებია”, მე კი ცოტა მჭირდება, ძალიან ცოტა, ასგრამიანი, რადგან უკვე მოვახერხე თავის მოტყუება და მჯერა, რომ “ზაპოის” გადავურჩები, “ცოტა საშველით” გავალ ფონს, ას გრამ არაყთან ერთად ჰაერს ჩავიცდენ ფილტვებში, გონებას გავინათებ, დავმშვიდდები, ფორიაქს მოვიხსნი, ყველაფერს დავალაგებ. ჰო, ასე დავიჯერე თავი და მომწონს კიდეც ჩემი სიფრთხილე, რადგან ცოტა მინდა, სულ ცოტა, ბევრს არ ვეშურები, ცოტა კი უბრალოდ მჭირდება… ახლა დედა ამბობს: “ნახე, რა ხდება?” – ადეკვატური უნდა ვიყო და ვთქვა: “აბა, აბა!” არაფერი გამიგია ტელევიზორიდან, ჩემსას ვფიქრობდი, მაგრამ ვიცი – “აბა, აბა!” ნებისმიერ შემთხვევაში ივარგებს ადეკვატურ პასუხად, მე კი ადეკვატური უნდა ვიყო.

ეს ჩემი თამაშის პირველი ფაზაა – “მე  და დედას ჩვეულებრივი დილა გაგვითენდა,” – დავარქვათ თუნდაც. თამაშის მეორე ფაზა იწყება – “ბინიდან ეზოში გაღწევა”. რვის ნახევარი შესრულდა, მაღაზიას რვაზე გააღებენ, დროა დავიწყო: ვდგები, ფანჯარას ვაღებ, ჰაერს ვსუნთქავ, დედას ვეკითხები:

– გაზაფხულის სუნს ვერ გრძნობ?

რაღაცას მპასუხობს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, თემა “შევაცურო”, ვახსენო გაზაფხული, ქვეტექსტად ეზო ვიგულისხმო, ქვეცნობიერიდან ამოვზიდო კალათბურთი, სპორტული მოედანი, ჯანსაღი ცხოვრება… ცოტა ხნის მერე სასხვათაშორისოდ ვეკითხები დედას კი არა, საკუთარ თავს, ოღონდ დედას გასაგონად:

– ცოტა ხომ არ წამევარჯიშა?

– ამ დღეებში ზედმეტი მოგივიდა, – მახსენებს დედა.

– ჰო, მართალი ხარ, არ ღირს, – ვეთანხმები, მაგრამ უმალ – არა, ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ. უმალ დათანხმება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მართლაც ზედმეტის სმა მომიწია, ყოყმანის შემდეგ კი იმას, რომ მეზარება ეზოში ჩასვლა და ვარჯიში. ეზოში ჩასვლა თავად რომ მეზარება, აუცილებელი პირობაა დამაჯერებელი ტყუილისა თუ თამაშისთვის (ამ შემთხვევაში ორივე ერთს ნიშნავს), ორივეს ერთი მიზანი მართავს – ბინიდან ეზოში გაღწევა…

ფანჯარას ვკეტავ, სკამს ვუბრუნდები, საათისკენ გამირბის თვალი, ხუთ-ათ წუთში ყვე  ლაზე მნიშვნელოვანი სცენა უნდა გავითამაშო – “მეზარება, მაგრამ საქმისთვის აჯობებს ვივარჯიშო, მერე კი საქმე!” – დავარქვათ ამ კულმინაციურ ეპიზოდს.

მსახიობების ენით რომ ვთქვათ, ხანგრძლივ პაუზას ვიჭერ, ვუცქერ ტელევიზორს, ვეწევი სიგარეტს, ისევ ვუახლოვდები ფანჯარას და მტკიცედ ვამბობ:

– არა, ჩავალ, ძალიან მოვეშვი ეს დღეები…

“ეს დღეები რომ მოვეშვი”, – დედასათვის გაგორებული კოჭია, მობოდიშებაცაა ერთგვარი და დედას თვალწინ “თავის გაშოლტვაც” იმისთვის, რომ ერთი ბოთლი ღვინო ორი ბოთლი ღვინით ჩავანაცვლე.

მოკლედ რომ ვთქვა, “ჩავატარე”, დავაჯერე, სპორტულად გამოვეწყვე, კალათბურთის ბურთი გავიყოლე და ლიფტით დავეშვი სადარბაზოს გასასვლელისკენ. ლიფტში სარკეა, სარკეში შევითვალიერე თავი – “მოსკოვი-პეტუშკები”-ს “ლირიკული გმირი” მიცქერდა სარკიდან. კლასიკადქცეული ეს მოთხრობა უმძაფრეს ტრაკიკომიკურ ჟღერადობას მთავარი გმირის, პირწავარდნილი ლოთის უცნაური, არგაცხადებული, მაგრამ საგრძნობი ლირიზმით აღწევს. არსებობს ასეთი რამ – ლოთური ლირიზმი, ყველაზე ხშირად სწორედაც ამ “მოჭარბებული ლირიზმის” გამო ლოთდებიან ხოლმე. სარკიდან, ჩემს ნაცვლად, “ლირიზმით შეძრული”, სპორტულად გამოწყობილი, კალათბურთის ბურთით აღჭურვილი და მაღაზიისკენ მიზანსწრაფული, ქუთუთოებჩამოსიებიული, 60-ს მიტანებული, თმა-წვერ შევერცხლილი მოქალაქე იცქირებოდა.

 

1 2 3 4 5 6