19 ივნისი, 2018

ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ფინალი – ამბის აგების ხუთი საფეხური; ერთი შეხედვით, უმარტივესი წესები, რათა მკითხველის (თუნდაც მსმენელის) ყურადღება მივიპყროთ – ჯერ ინფორმაციით ვაჯერებთ (“ვნაღმავთტერიტორიას“, რათა შემდეგ, ჩვენი შეხედულებისამებრ ავაფეთქოთ ესა თუ ის ნაღმი) თხრობას, რასაც დაძაბულობის მუხტის ზრდა, კონფლიქტის მომწიფება მოჰყვება, კონფლიქტის წინაპირობა კონფლიქტს მოიყოლებს,  კულმინაციას, დუღილამდე მისულ მდგომარეობას, რის შემდეგაც, ვნებები ცხრება, მაგრამ მონათხრობი სრულიად სხვა რაკურსით წარმოსდგება ჩვენს წინაშე, მარტივად რომ ვთქვათ, თურმე, იმ ნაღმის აფეთქებას კი არ გამოუწვევია ვნებათაღელვა, ჩვენ რომ გვეგონა, არამედ სრულიად სხვა ნაღმი აფეთქებულა, და ბოლოს – ლოგიკური, ზუსტი წერტილი, ამბის დასკვნითი აკორდი, ფინალი. სულ ესაა.

მართლაც მარტივად გამოიცქირება, ერთი აბზაცი დასჭირდა იმის გაშიფრვას, რაც დრამატურგის, მწერლის ხელობის არსთა არსს – ამბის თხრობას, მკითხველამდე ამბის მიტანას გულისხმობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მარკესი სტუდენტებთან შეხვედრებს იხსენებს (თუ არ ვცდები, ფიდელ კასტროს მოწვევით სტუმრობდა ჰავანის უნივერსიტეტს), სადაც ძალიან საყურადღებო, ნიშანდობლივ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. მწერალი ამბის, ისტორიის გადმოცემას სთხოვდა ახალგაზრდებს, ნამუშევრებში კი სქემებს გადააწყდა; როგორც მარკესი აღნიშნავს, მას ამბის ატმოსფერო აინტერესებდა, – „დამჭკნარი ვარდის შეგრძნება თუნდაც“.

რა მართავს ამბავს, საიდან იწყება ამბავზე ფიქრი? მარკესისათვის თუ „დამჭკნარი ვარდი“, ესეიგი, ატმოსფეროა უმთავრესი იმპულსი, ო ჰენრისთვის ინსპირაციის წყარო რომელიმე მოქნილი, სახალისო თუ ლირიკული სიუჟეტია, რასაც „ფანჯარაზე მიხატულ ყვითელ ფოთლამდე“ მიჰყავს ხოლმე ამ ტიპის მწერლები.

სიუჟეტი და ამბის აგების ხუთი კომპონენტი – რიგ შემთხვევაში პირველი ეხმარება მეორეს, რიგ შემთხვევაში პირიქით – მეორე პირველს და რადგან პირადი გამოცდილებიდან ვცდილობ რაღაცების გახსენებას, ჩემი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს მოვიგონებ.

არ თუ ვერ ვარ სიუჟეტური მწერალი, სიუჟეტი ჩემთვის უღრანი ტყეა, ამბის აგების ხუთი წესი (კომპონენტი, საფეხური, რაც გნებავს დავარქვათ) – კომპასი, რაც „სიუჟეტური უღრანიდან“ გამოღწევაში მეხმარება. კონკრეტულ ისტორიულ მასალაზეც მიმუშავია, სადაც, ერთი შეხედვით, არსებობდა „მზა სიუჟეტი“, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, სხვა იმპულსებით ვიყავი მართული, დამთხვევა შედგა ჩემს შინაგან იმპულსებსა და „მზა სიუჟეტს“ შორის, ეს იყო და ეს, ამაზე მინდა გიამბო.

დავიწყოთ „მზა სიუჟეტით“:

„ქართლის ცხოვრება“-ში ამოვიკითხე მეფე ასფაგურისა და მისი მხოლოდშობილი ქალიშვილის – აბრეშურას ისტორია. წინაქრისტიანული ხანაა ჩვენთვის, ასფაგურმა ხიფათი იგრძნო სპარსეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიაში ეგულებოდა მოკავშირეები, იქით გაეჩქარა მაშველი ჯარის შესაკრებად, ქალიშვილი კი მცხეთაში დატოვა. მეფე გზაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ მოწამლეს). ასფაგურის სპასპეტმა – მაეჟანმა სპარსთა მორჩილებისკენ მოუწოდა ხალხს. შედგა პოლიტიკური ქორწინება – ქალიშვილობაში ფეხშედგმული აბეშურა სპარსთა მეფის, ქასრეს ვაჟზე, შვიდი წლის მიჰრანზე დააქორწინეს. სპარსელებმა ჰეგემონია დაიკანონეს ქართლში. 8 წლის შემდეგ, ესე იგი, როცა მიჰრანი წამოიზარდა, გარდაიცვალა აბეშურაც (არცთუ უმიზეზოდ, ალბათ; მიჰრანის მმართველობა მყარი და კანონიერი იყო, აბეშურას ფუნქცია – ამოწურული). ამით დასრულდა ფარნავაზიანთა დინასტიის მეფობა. აი, ეს ამბავია მოთხრობილი „ქართლის ცხოვრება“-ში.

მართლაც შეუცნობელია გზანი უფლისანი, სპარსელთაგან თავსმოხვეული ქორწინების წყალობით გამეფებული მიჰრანი, იმ მირიან მეფედ იქცევა ხანდაზმულობაში, წმინდა ნინოს ნაქადაგებ ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად რომ დაამკვიდრებს და პოლიტიკურ ორიენტირს დასავლეთისაკენ გადახრის საქართველოსთვის.

სახელოვანი დინასტიის კვდომა, სისასტიკე და ღალატი, მხოლოდდარჩენილი აბეშურას სასოწარკვეთილი მდგომარეობა, იმ გმირთა პირადი მიზნები და მისწრაფებები, ვინც პოლიტიკური ქორწინებიდან ელოდა სარგებელს და მათი შემდგომი ბედი, ახალი რელიგიის სიახლოვე, „სცენაზე“ რომ არ გამოჩენილა ჯერ, მაგრამ ქვეტექსტში იკითხება უკვე – „ქართლის ცხოვრების“ ერთ გვერდზე მოთხრობილ ისტორიაში, მართლაც ბევრი რამ იკითხებოდა ქვეტექსტში, თავისთავად იყო საინტერესო, მაგრამ რომ არა ჩემი შინაგანი იმპულსები, ის წინაპირობა, რითიც იმხანად ვიყავი შეპყრობილი, პიესა – „აბეშურა-ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი“ არ და ვერ დაიწერებოდა.

ახლა იმპულსებზეც ვთქვათ, ვერგააზრებულ სახეებზე, გამოსავალს რომ ესწრაფოდნენ ჩემგან და ამ პიესაში ჩამისახლდნენ:

მინდა – არ მინდა, ისევ მიწევს „ცუდ დროში“ დაბრუნება (ნეტა რას ნიშნავს „კარგი დრო“? – ესეც არ ვიცი, სიმართლე გითხრა).

მოკლედ, ის დროა, როცა არ დაეძებ, ვინ გეპატიჟება აქეთ თუ იქით, მთავარი სხვაა – როგორმე „ცუდ დროს“ დაუსხლტე, გაერიდო, დაივიწყო თუ დაემალო, გეგონება, კუკუ-დამალობანას ეთამაშებიო არსებულ სინამდვილეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, სასმელს ჩავუდექი კვალში, ალკოჰოლს მივყევი, ორ კაცთან ერთად აღმოვჩნდი გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სახლში, რომელსაც ვერც უპატრონოს დაარქმევდი და ვერც სათანადოდ მოვლილს. მასპინძელი (ერთ-ერთი ამ ორიდან) თბილისში ცხოვრობდა,  დროდადრო აკითხავდა მამა-პაპისეულ სახლს, სოფელში წასვლაც უცაბედად გადაწყდა, დასალევად მეპატიჟებოდნენ, სად აჯობებსო – ბჭობდნენ, უეცრად წამოტივტივდა ეს აზრი – იქნებ იქითო, სოფლისკენო, – მასპინძელმა, – ღამისთევითო, სახლსაც დავხედავ ბარემო, და – ჰოო, – მეორემაც – რატომაც არა, მანქანა და მაგის ჯანიო, და – ჰოო – მეთქი, – მეც, ჰოო, რატომაც არა – მეთქი, – მეც და წავედით.

1 2 3 4