არც მიქეიფია, არც „შემიბერია“, მარტივად დავთვერი, როგორღაც მოვეწყვე ხის ტახტზე, ჩამეძინა იმის იმედით, რომ „საპახმელიოც“ მოვიტოვეთ დილისათვის. გავითენეთ ღამე სოფლის მიტოვებულ და არცმიტოვებულ სახლში, დილაადრიან გაგვეღვიძა, თავს უნდა მივხედოთ, „გამოვსწორდეთ“, ამ დროს გამოჩნდა მასპინძლის მამა, რომელსაც არ ვიცნობდი (ისიც თბილისში ცხოვრობდა, სახლის დასახედად ჩამოსულიყო). რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემო შადიმან, ოჯახის უფროსის ჩამოსვლამ ჩვენი ნაადრევი აბარგება გადაავადა; იქვე, მეზობლად ვიყიდეთ ქათამი, უფროსმა მასპინძელმა ჩიხირთმა გააკეთა სახელდახელოდ და ამან ერთგვარი სოფლური ეგზოტიკის ხიბლი შესძინა ჩვენს ნაბახუსევ მდგომარეობას.

შევექცევით ცხელ ჩიხირთმას, არყით „ვლბილდებით“, ბუნებრივია, სადღეგრძელოებს ვამბობთ, ჯერი ომში დაღუპულებზე მიდგა. უფროსმა მასპინძელმა, ვისი ინიციატივითაც გაჟღერდა ეს სადღეგრძელო, თავისი მამა ახსენა და შემდეგი ისტორია გვიამბო: ორი თვის ახალშობილი ყოფილა, როცა მამამისი გაუწვევიათ გერმანიასთან ომში. არც ძმა ჰყოლია, არც – და, მამისთვის პირველი შვილი იყო. კაცი მოჰფერებია პირმშოს, მხარი მოუშიშვლებია მისთვის, შემდეგ დასცხრომია, მხრიდან ხორცი ამოუგლეჯია კბილებით, – იქნებ ცოცხალი ვერ დავბრუნდე და ჩემგან დატოვებულმა ნიშანმა მუდამ გაახსენოსო მამამისი.

უფროსმა მასპინძელმა მხარი მოიშიშვლა, გვანახა მამის „დანატოვარი“, ხელი შეახო ნიშანდამჩნეულ მხარს, თვალებში გულწრფელი, ნაღდი ცრემლი ჩაუდგა, ასე ბრძანა იმ კაცის შესანდობარი, ვისაც, იქნებ, გული უგრძნობდა, ცოცხალი რომ ვერ დაბრუნდებოდა ომიდან…

სიმხეცეა?

ალბათ, ჰო.

ალბათ კი არა, უეჭველად სიმხეცეა, მაგრამ რაღაც სხვაცაა, ესეც უეჭველად არის – პირველყოფილი, არქაული, სისხლისმიერი, ინტუიტიური, სასოწარკვეთამდე მისული იმით, რომ არის და შესაძლოა უკვალოდ გაქრეს, ამიტომაც ტოვებს „კვალს“ მისთვის ყველაზე ძვირფასი ჩვილის მხარზე, მას უნდა ახსოვდეს, თუნდაც ასე, ამ გზით – ენითაუწერელი ტკივილით, მაგრამ უნდა ახსოვდეს…

სანამ „აბეშურა“ დაიწერებოდა, იქამდე მოვისმინე ეს ისტორია დაძალაუნებურად, თავისთავად ამეკვიატა ფიქრი, რომ სადღაც, ჩემთვისაც უცნობი ფორმით, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენებდი მას არქაული ატმოსფეროს შესაქმნელად (ერთი წამით წარმოიდგინე, ახლა, ჩვენს სინამდვილეში, რომ მოექცეს მამა თავის ჩვილს ამგვარად, ჩვილის დედაც წარმოიდგინე, თავისი ხელით თუ არ მოკლავს მეუღლეს, ან პოლიციას გამოიძახებს, თუ არადა, ფსიქიატრიულს – უეჭველად).

მეორე ამბავსაც გავიხსენებ, რაც „აბეშურაზე“ მუშაობისას დამეხმარა:

მეზობელ კორპუსში, ბოლო, მეათე სართულზე ორი შეშლილი და ცხოვრობდა. უცნაური ავადმყოფები იყვნენ – დღის განმავლობაში არ „გიჟდებოდნენ“, მეტსაც გეტყვი – მეტისმეტად კეთილგანწყობილნიც კი ჩანდნენ, ქვებს არ ისროდნენ, იყვნენ თავისთვის, არავის ერჩოდნენ, ჩვეულებრივად აკითხავდნენ მაღაზიას, არაფერს გაფიქრებინებდნენ, მოკლედ რომ ვთქვა.

ეს დღისით…

ღამეები, ხომ კარგად გახსოვს ის ჩაქუფრული, ჩაწყვდიადებული, „დვიჟოკების“ ხმაურით ადადღანებული გულისშემძვრელი ღამეები, აქა-იქ რომ გამონათებულიყო ვიღაც „შეძლებულის“, „დვიჟოკის“ მქონეს ამოქოქილი „დვიჟოკით“ ფანჯარა და აქა-იქ გამონათებული ფანჯარა, მეტად რომ გაგრძნობინებდა მთელი უბნის, რაიონის, ქალაქის, ქვეყნის მრუმე, ღირსების დამაკნინებელ, უშეღავათო სიბნელეს.

აი, მაშინ ეწყებოდათ სიგიჟე…

დების სიგიჟის მაპროვიცირებელი კი კორპუსთან მდგარი მანქანები იყო, ჩემთვის უცნობი მექანიზმი, რაც ციმციმებს ხოლმე მანქანაზე (ალბათ, „სიგნალიზაციაა“, არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, საერთოდ არაფერი მესმის მანქანის).

იმ ციმციმს დასჩხაოდნენ მეათე სართულიდან, – რას გვიცქერი, რას გვითვალთვალებ, შე გაოხრებულო, შე შეჩვენებულო, შე ასეთო და ისეთოო, – ბილწსიტყვაობდნენ კიდეც, სწორედაც რომ დასჩხაოდნენ და მათი შეშლილი ხმები, მათი ტექსტი, მათი არსებობა მეზობლად, აქვე, ძალიან ახლოს, შენც გიჩენდა „სიგიჟის წადილს“, შენც გაგიჟებდა, გძირავდა მრუმე სიგიჟეში…

არ ვიცი, რამდენად მომიხერხდა იმ ატმოსფეროს გადმოცემა, რაც ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი შემადგენელი იყო იმხანად, მაგრამ „აბეშურაზე“ მუშაობისას ნამდვილად დამეხმარნენ შეშლილი დები და აი, რატომ: „მზა სიუჟეტი“ სიუჟეტად, ჩემო შადო, მაგრამ დრო უნდა მომეხელთებინა ჩემთვის, ატმოსფერო შემექმნა, ჰოდა, წარმოვიდგინე, თითქოს ნოეს ყორნები ყვებიან ამ ისტორიას – ორი შეშლილი ყორანი,  ისიც რომ არ ახსოვთ, რა სქესის არიან. დაყრანტალებენ, იხსენებენ და ვერც იხსენებენ, მაგრამ „აქცენტებს მართავენ“, ქმნიან ატმოსფეროს, რისი არსებობაც სიუჟეტურ ხაზს ეხმარება.

შეშლილი დები ორ აყრანტალებულ ქოროდ იქცა ამ პიესაში; რაც შეეხება მხარზე დადებული ნიშანს, მამამ კბილებით რომ დაამჩნია შვილს, სპარსეთის მეფის, ქასრესა და მიჰრანის ეპიზოდში გამოვიყენე. როცა ქასრე მცხეთაში ტოვებს მიჰრანს, ამგვარად იქცევა, ხორცს ამოაგლეჯს მხარზე, რადგან მიჰრანს მუდამ უნდა ახსოვდეს, ვინაა მამამისი, ვისი წყალობით გახდა მეფე, ვისკენ უნდა იცქირებოდეს…

მიჰრანის მხრის წამლობა აბეშურას იდეა ფიქსად იქცა, მისი ცხოვრების მთავარ აზრად, შეიძლება ითქვას, აბეშურას შეშლილობადაც, ჯერ კიდევ ვერგააზრებულ, მაგრამ მოახლოებულ ქრისტიანულ იდეად – სისასტიკის სიკეთით წამლობად…

ამ პიესის ერთი უხილავი გმირი სისასტიკეა, პერსონაჟები ერთმანეთის სიძულვილით არიან შეპყრობილნი, ერთმანეთისთვის ეძებენ მკვლელს, საბოლოოდ კი გაცხადდება – თურმე, აბეშურას მოკვდინებისთვის ირჯებოდა ყველა.

1 2 3 4