ზემოთ მოგწერე, „სიუჟეტური უღრანიდან“ გამოღწევაში ამბის აგების ხუთი წესი მეხმარება-მეთქი კომპასივით. ერთმანეთისთვის ეძებდნენ მკვლელს, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ აბეშურას სიკვდილს ეშურებოდნენ. ეს ეპიზოდი პიესის კვანძის გახსნაა, ფინალი – აბეშურას ცხედრის კორტნა ორი შეშლილი ყორნისაგან. ამით იმის თქმა მსურს, შადო, რომ „მზა სიუჟეტი“ (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა) არაფერს ნიშნავს იმ იმპულსების გარეშე, რაც ნაწარმოების ატმოსფეროს ქმნის, ამბის აგების ხუთი საფეხური კი ხელობის ნაწილია, ხელობის ანი და ჰოე-ა, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს (თუ არადა, შინაგანად უნდა იგრძნოს) ავტორმა; უნდა იცოდეს თუნდაც იმისათვის, რომ მაქსიმალურად „გაამკრთალოს“ საზღვრები (თუკი ეს მიზანი აქვს) ექსპოზიციას, კვანძის შეკვრას, კულმინაციას, კვანძის გახსნასა და ფინალს შორის. ბეკეტი ახერხებს ამას ოსტატობის უმაღლეს ნიშნულზე, მისი ამბავი თავისთავად მიედინება, ვერც კი გრძნობ, სად დაიწყო და როგორ გასრულდა ისტორია, რომელიც თავის თავთან და გარესამყაროსთან გაუცხოების შემზარავ სიმარტოვეზე გვიამბობს. ბეკეტისგან განსხვავებით იონესკო ზედმიწევნით ზუსტად, შეიძლება ითქვას, „ხაზგასმული თვალსაჩინოებითაც“ აღნიშნავს საზღვრებს ამბის აგების ხუთ კომპონენტს შორის; რჩება შეგრძნება, თითქოსდა ბავშვი აწვებაო ფანქარს ფურცელზე და მკვეთრად, მკაფიოდ, მჭახედ აცალკევებს ექსპოზიციას – კვანძის შეკვრისგან, კვანძის შეკვრას – კულმინაციისგან, კულმინაციას – კვანძის გახსნისგან და ფინალისგან და ასე, ამგვარი „გაბავშვებით“ ქმნის გაუცხოების ბუფონადებს.

ძალიან ვრცელი თემაა, შადო, არც ისე მარტივად ყოფილა საქმე, ერთ აბზაცში რომ „ჩამოგირაკრაკე“ დრამატურგისა და მწერლის ხელობის არსთა არსი – ამბის აგება; ავტორის ინდივიდუალიზმიც გასათვალისწინებელია და მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთშიც, ოთხ წელიწადში ერთხელ რომ იპყრობს ხოლმე ჩვენს ტვინს (ჩემი ტვინი ფეხბურთითაა შეპყრობილი, შენი – მითუმეტეს). ახლაც ამ სანახაობის ტყვეობა გვეღირსა და რადგან ფეხბურთი ვახსენე, ბავშვობის ერთი მოგონება უნდა „გაახლო“. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გურიაში, სოფელ ნიგოითში შევხვდი. პელეს სახელი ეკერა პირზე ყველას, პელე არც კი მეგონა ადამიანი, რაღაც ზებუნებრივ მოვლენად მივიჩნევდი; ჰოდა, ბრაზილია ეთამაშება ჩეხოსლოვაკიას (თუ არ ვცდები), მოწინააღმდეგე გუნდიც არაფერ შუაშია, კაცმა რომ თქვას, მთავარი პელეა, ცოცხალი პელეს თამაშს ვუცქერ, დაინახა პელემ, მეკარე წინ რომ იყო გამოსული და მოედნის ნახევრიდან დაურტყა დაკიდული. მეკარე მახსოვს, რა გამწარებული, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა კარისკენ. ბურთი ცოტათი ასცდა კარის ძელს, პელემ ვერ გაიტანა, მაგრამ მოედნის ნახევრიდან დარტყმული დაკიდული იყო სიახლე, რაღაც არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი. მას შემდეგ ბევრს დაურტყამს მოედნის ცენტრიდან და გაუტანიათ კიდეც გოლი, თუმცა „პირველაღმომჩენი“ პელეა მაინც, ეგ ძალა აქვს გენიალურ ინდივიდუალიზმს და ჩვენს ხელობაშიც ხომ ასეა და ასე. „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“-ს ავტორი თვითნაბადი გენიოსია; ბუნებრივია, არც კვანძის შეკვრა გაეგო და არც კულმინაცია, მაგრამ ყველაზე აკადემიურად ააგო ამბავი (სწორედაც ამბავს ვგულისხმობ), რაც შეეხება ამ ბალადის კვანძის გახსნას, დედისგან მოყმის დატირებას და მის ფიქრს-: „წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა“, – ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კვანძის გახსნაა, რაც  წამიკითხავს.

შთამბეჭდავი კვანძის გახსნაა – მეთქი, დავწერე. ჩვენს პროფესიაში დღენიადაგ ტრიალმა (მაშინაც კი, როცა არ ვწერ, ვსვამ, ვკითხულობ თუ კინოს ვუცქერ) ერთგვარი „წიკი“ ამკიდა, შადო. არ აქვს მნიშვნელობა, კარგ წიგნს ვკითხულობ თუ არა, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ჰოლივუდის დაშტამპულიპროდუქტით ვკლავ დროს თუ მართლა კარგ ფილმს ჩავუჯექი, თავისთავად მეფიქრება – ინფორმაციით რამდენადაა დატვირთული ექსპოზიციური ნაწილი, რამდენად აიწია ტემპერატურამ კვანძის გახსნაში, რა დუღილს მიაღწია ფილმმა თუ ნაწარმოებმა კულმინაციაში, რამდენად მოუხერხდა ჩემი „მოტყუება“ ავტორს, რათა კვანძის გახსნაში განვეცვიფრებინე, სად და როგორ დაისვა წერტილი, რა ჟღერადობისაა დასკვნითი აკორდი.

აკორდი…

ამბის აგების ხუთივე წესი ერთგვარი აკორდებია, ნოტებია ჩემთვის, მთელი ნაწარმოები კი ამ აკორდებისგან შექმნილი მელოდია, სიმფონია, რომელიც მიტოვებს, ან ვერ მიტოვებს კომპოზიციური მთლიანობის განცდას. თუ გახსოვს, „ყოფილების სარეცელზე“ გვქონდა საუბარი. მაშინ შენიშნე, კვანძის გახსნით რომ დაგეწყო, აჯობებდაო. კარგად იცი, ჩემო ძმაო, რა მნიშვნელობას ვანიჭებ შენს აზრს, გადაუჭარბებლად, ყოველგვარი მეგობრობის გარეშე ვამბობ – განსაკუთრებული მკითხველი ხარ, ვინც შიგნიდან და სიღრმისეულად გრძნობს, იცის პროფესია; ამიტომაც, ბევრი ვიფიქრე. იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მაინც ჩემს „ჭკუაზე დავრჩი“ (ჭკუა თუ მოეკითხება ფეხბურთით ჭკუაშეპყრობილ კაცს).

ცხოვრების ამ ეპიზოდსაც გავიხსენებ და გულმოსვენებული მივუჯდები ტელევიზორს.

ჩემს მეზობლად გამორჩეული ნიჭის მხატვარი, კეთილშობილი, ემოციური ბუნების ადამიანი, ვანო აბულაძე ცხოვრობს. ვმეგობრობთ, დრო თუ ჩაგვივარდა (მე თუ კარგამოკეტილი მწერალი მეთქმის, ის კარგამოკეტილი მხატვარია), ხან მე, ხან – ის, ვიგონებთ ხოლმე თავსგადახდენილს, ავად თუ კარგად მოსაგონარს. ერთი ხანი გერმანიაში მოუწია ცხოვრება, ეს ამბავიც იქ გადახდა: ღია მეტროსადგურთან ეულად აყვავებული ტყემლის ხე დაინახა, ტყემლები დაკრიფა, შინ წამოიღო (ხომ წარმოგიდგენია, რა თვალით უცქერდნენ გერმანელები? მათთვის ტყემალი „სარეველა ხეა“, გიჟად მიიჩნიეს უეჭველად), ტყემლის მოხარშვა გადაწყვიტა, მაგრამ ომბალო აკლია, ომბალოს ვერსად გადააწყდა, ქინძი, კამა, ნიორი, მწვანე წიწაკა, კი ბატონო, რამდენიც გინდა, სადაც გინდა, მაგრამ ომბალო ვერსად, ვერსად, არადა, იმ შორეულ გერმანიაში რომ მოიმყუდროვო შენი სამშობლო, ომბალოა აუცილებელი.

ბოტანიკური ბაღი ყოფილა იმ ქალაქში, იქ სეირნობდა, ომბალო რომ შენიშნა ლათინური წარწერით – ინდური ეგზოტიკური მცენარეაო… იმერელი კაცია, ბაღდათში გაზრდილი, ომბალოს რა გამოაპარებს. გაიხედა აქეთ, გაიხედა იქით, იხელთა დრო, მოწყვიტა ომბალო და გამოეჩქარა შინისაკენ, სადაც ღია მეტროსადგურზე დაკრეფილი ტყემალი ეგულება. დააკავეს. ვიდეოთვალმა დააფიქსირა თურმე. როგორღაც გადაურჩა დაჯარიმებას, შიში კი ჭამა…

ეს მიამბო ვანომ.

მაჩუქე-მეთქი, ვთხოვე (ამ საქმეში უკიდურესად „წესრიგა“ ვარ, თუ რამე მომწონს, გაცხადებულად ვთხოულობ ჩუქებას). მაჩუქა.

არ მომასვენა ამ ისტორიამ, შემომეთვისა, გამიშინაურდა, თითქოსდა მე გადამხდაო თავს ვანოს თავსგადახდენილი. პიესა იცი, ორი პერსონაჟია, ქალი და მამაკაცი. ემიგრანტები არიან, დუხჭირმა ყოფამ გადაისროლა უცხო ქვეყანაში, იქიდან ერთ კუბოში მომწყვდეულები /ხარჯის დაზოგვის მიზნით/ გადმოასვენეს სამშობლოში.

 

1 2 3 4