მისტიფიკაციაა, რა თქმა უნდა, ცხედრების ისტორია, ერთმანეთის მკვლელებად რომ იქცნენ. ქალი ეული ტყემლის ხის ნახვის მისწრაფებით გამოენთო შინიდან, გზატკეცილზე მომავალ მანქანას შეასკდა, ქალიც დაიღუპა და მძღოლიც, რომელიც სამშობლოში მოეშურებოდა. პიესის ღერძი, ატმოსფეროცა და სიმბოლური თუ მეტაფორული გააზრებაც ტყემლის ხესა და ომბალოს ძიების მტკივნეულ პროცესშია. ვგრძნობდი, რომ ორნი უნდა ყოფილიყვნენ, იმასაც ვგრძნობდი, რომ სხვადასხვა სოციუმის წარმომადგენლები, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები მჭირდებოდა, ვგრძნობდი მათ კონფლიქტს და გარდაცვალებისშემდგომ სიყვარულს…. რაღაც ეტაპამდე მივიყვანე პიესა და ისიც მკაფიოდ ვიგრძენი, უმთავრესი რომ აკლდა – მკაცრი სინამდვილე. ჰო, ეგ მკაცრი სინამდვილე იყო საჭირო, რათა თემა წარმოჩენილიყო მტკივნეული, მწველი სიცხადით.

სტრინდბერგის დრამატურგიის მთავარი თემა კაცობრიობისთვის ხვედრადქცეული დისჰარმონიაა, მის პიესებში ან მამაკაცი გვევლინება ქალის მტანჯველად, ან – პირიქით. რაღაც ამგვარი უნდა „წამოწეულიყო ავანსცენაზე“. თავიდან არ ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ, როგორც კი კვანძის გახსნას მივადექი, იქ ვიგრძენი კიდევ ორი პერსონაჟის აუცილებლობა. უცხოეთში საშოვარზე წასულ მამაკაცს ცოლი დარჩა შინ, ქალს-ქმარი, ჰოდა, მათში, აქ დარჩენილებში დავინახე მკაცრი სინამდვილე, რომელიც აღმოჩენად იქცა ჩემთვის, სხვაგვარად გააჟღერა თემა, სულიერი გარყვნილების ხარისხი გაამძაფრა, პრაგმატიზმის აღვირახსნილობა…

ამიტომაც მეჩვენება, ჩემო შადიმან, რომ კვანძის გახსნა იქ უნდა იყოს, სადაც არის, სხვა შემთხვევაში ვერ „გაისროდა“ (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც).

ამ წერილში ორ პიესაზე მუშაობის რაღაც დეტალები გავიხსენე, სხვაა – მოთხრობა, სხვა – რომანი; ჩემგან რა გესწავლება, ამბავი მართავს პროზასაც და დრამატურგიასაც. ალბათ, ვერ მომიხერხდა, სრულად ჩამომეყალიბებინა ჩემი შეხედულება, არცგასაკვირია, ძალიან ვრცელი თემა გახლავს, მე კი ერთ აბზაცში „ჩამოგიფქვი“, გავკადნიერდი და „სიმარტივეც“ დავაბრალე იმას, რაც ჩვენი ხელობის არსთა არსია, მივსდიოთ თემას, გასახსენებელი თვითონ გამახსენებს თავს.

 

1 2 3 4