2017 წლის 5 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია იაპონური წარმოშობის ინგლისელ მწერალს კაძუო იშიგუროს მიანიჭა.

დადგენილია, რომ ნობელის პრემიის კანდიდატებს ასახელებენ შვედეთის აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიები და საზოგადოებები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, წინა წლის ნობელის ლაურეატი (ამ შემთხვევაში, ბობ დილანი) და სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული ორგანიზაციების პრეზიდენტები, რომლებიც თავისი ქვეყნის ავტორებს წარადგენენ. შვედეთის აკადემია წარდგენილი კანდიდატებიდან ოცს ირჩევს, საბოლოოდ კი ეს ციფრი ხუთამდე დადის.

ყოველ წელს ნობელის პრემიის გაცემის წინ უამრავი ანალიტიკური სტატია იწერება და ინტერნეტ სივრცესა და მედიაში პროგნოზების ნაკლებობაც არ იგრძნობა. დაინტერესებული ადამიანები თვალს ადევნებენ ბუქმეიქერთა საიტებზე ნომინანტთა რეიტინგების ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, განსაკუთრებით, ბობ დილანის ნობელის პრემიის შემდეგ, აკადემიის მოულოდნელი არჩევანი თითქოს აღარავის უკვირს, კაძუო იშიგუროზე ფსონი მაინც არავის დაუდია. პროგნოზი ძირითადად იაპონელ ჰარუკი მურაკამისა და კენიელ ნგუგი ვა ტხიონგოს სასარგებლოდ კეთდებოდა, გამარჯვებას კი უმეტესობა კენიელ მწერალს უწინასწარმეტყველებდა. პრემიის გაცემის დღეს, კანადელმა მარგარეტ ეტვუდმა ორივე ნომინანტს მნიშვნელოვნად გაუსწრო და სიტუაცია ცოტა არ იყოს, დამაბნეველი გახდა. ამიტომ, ყველა მოუთმენლად ელოდა ნობელის კომიტეტის მუდმივი მდივნის, სარა დანიუსის გამოსვლას და 2017 წლის ლაურეატის გამოცხადებას. თავად კაძუო იშიგურო ამ დროს სამზარეულოში მჯდარა. სარა დანიუსის გამოსვლისთანავე მას თავისმა ლიტერატურულმა აგენტმა დაურეკა და სამახარობლო ამბავი შეატყობინა.

სარა დანიუსმა აკადემიის არჩევანი ასე ახსნა: „უზარმაზარი ემოციური სიძლიერის რომანებში, რომლებიც შეეხება მახსოვრობას, დროს და საკუთარი თავის მოტყუებას, მან შეძლო  წარმოეჩინა უფსკრული, რომელიც სამყაროსთან ჩვენი კავშირის წარმოსახვითი აღქმის ქვეშ იმალება.“ ხოლო როიტერთან ინტერვიუში, კაძუო იშიგუროს სტილი შემდეგნაირად აღწერა: „აურიეთ ერთმანეთში ფრანც კაფკა, ჯეინ ოსტინი და ცოტა პრუსტიც დაუმატეთ.“

მოგვიანებით, კაძუოს შვედეთიდან უცნობმა ქალმა დაურეკა და ძალიან თავაზიანად ჰკითხა, აიღებ პრემიას თუ უარს განაცხადებო? „ძალიან გამიკვირდა“,  – ამბობს იშიგურო, „ისე მშვიდად მელაპარაკა, თითქოს სადილად მეპატიჟებოდა.“

1 2 3 4 5