კაძუო იშიგუროს თქმით, მასზე უდიდესი გავლენა არა მხოლოდ კლასიკოსებმა, არამედ მომდევნო, ერთი და ორი თაობით ახალგაზრდა მწერლებმაც კი მოახდინეს. მაგალითად, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მას დევიდ მიჩელის რომანმა – Ghostwritten-მა  –  შემოქმედებითი თავისუფლება მოუტანა, რადგან მიჩელმა რამდენიმე სხვადასხვა ჟანრის ერთ წიგნში თავმოყრა დიდი ოსტატობით შეძლო.

კაძუო იშიგუროს რომანი არ გამიშვა 2005 წელს გამოქვეყნდა. ის დეკადის საუკეთესო რომანების ათეულში შედის. არ გამიშვა, ისე, როგორც იშიგუროს სხვა წიგნები, მეტაფორულად იკითხება. აქაც, ტრადიციულად, მას იმდენად შინაარსი და მოქმედების ადგილი არ აინტერესებს, რამდენადაც ადამიანების ზოგადი სახე, მათი დამოკიდებულება საკუთარ ცხოვრებასთან, საკუთარ მოვალეობებთან.

რომანის მიხედვით ფილმი მარკ რომანეკმა 2010 წელს გადაიღო. სცენარის ავტორია ალექს გერლანდი. მთავარ როლებს ქერი მალიგანი (კეტი), კირა ნაითლი (რუთი) და ენდრიუ გარფილდი (ტომი) ასრულებენ. ფილმში ასევე თამაშობენ შარლოტა რემპლინგი (მის ემილი) და სალი ჰოუკინი (მის ლუსი).  აღსანიშნავია სამი ბრწყინვალე ბავშვის, ბავშვობაში კეტის, რუთისა და თომის როლების შემსრულებლების, იზაბელ მეიკლ-სმოლის, ელა პურნელისა და ჩარლი როუვის შესანიშნავი შესრულება. ფილმმა კრიტიკოსებისა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და სხვადასხვა კინოფესტივალებზე ნომინირებული იყო ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა „ყველაზე ლამაზი ფილმი“, „საუკეთესო ბრიტანული დამოუკიდებელი ფილმი“, „საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი“, ხოლო ქერი მალიგანდმა და ენდრიუ გარფილდმა არაერთი კინოფესტივალის პრიზი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღეს.

მოქმედება ჰეილშემში, ბრიტანელებისთვის საყვარელ, ტრადიციულ აკადემიურ დაწესებულებაში, სკოლა-პანსიონში, ხდება. მკითხველი თვალს ადევნებს ჰეილშემის სამ მოსწავლეს, კეტის, რუთსა და ტომს, მათ ცხოვრებას, მათ სასიყვარულო სამკუთხედს. არ გამიშვა რაღაცით წააგავს მთელ მსოფლიოში პოპულარულ „სკოლის ისტორიებს“.

მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ჯეინ ეარი და დევიდ კოპერფილდი. წიგნის კითხვის დროს გვახსენდება ისეთი წიგნები, როგორიცაა სამართებელზე მორბენალი, ან საოცარი ახალი სამყარო.   

ჰეილშემი ჩვეულებრივი სკოლა არ არის, არც მისი აღსაზრდელები არიან ჩვეულებრივი ბავშვები, ისინი კლონები არიან და მათი დანიშნულებაც განსაზღვრულია – ორგანოების დონორებად ზრდიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავისი ორგანოები „ნორმალურ“ ადამიანებს გადაუნერგონ. მწერალს არ აინტერესებს არც კლონირების და არც ორგანოების გადანერგვის ტექნიკური დეტალები. ის მკითხველთან ერთად იკვლევს, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებამ, კონკრეტულად კი გენეტიკურმა ინჟინერიამ მოარყიოს ჩვენი საზოგადოების საძირკველი. ამ რომანში კაძუო იშიგურო ერთდროულად ხატავს წარსულს, მომავალს და დღევანდელ დღეს. თუ კლონირებასა და ორგანოების გადანერგვაზე მიღებულ კანონებს გადავხედავთ და წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლება მათ  ერთ დღეს ყველაფერი თავდაყირა დააყენონ, მივიღებთ სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუშს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ  იშიგუროს  რომანი არ გამიშვა სამეცნიერო ფანტასტიკაა, ის უფრო მეტად დისტოპიის, რეალიზმისა და ფუტურიზმის ნარევია. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ არ გამიშვა არის პირქუში ფანტასტიკისა და ღრმა დეპრესიული რეალიზმის ჰიბრიდი. თუმცა, აქაც, როგორც არაერთმა ლიტერატორმა აღნიშნა, კაძუო იშიგურო ყველა თავის წიგნში რამდენიმე ჟანრის სინთეზით ქმნის ახალ  ჟანრს სახელად  იშიგურო.

მიუხედავად იმისა, რომ ჰეილშემის აღსაზრდელებს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ, ისინი პანსიონში მაინც არაჩვეულებრივ განათლებას იღებენ. ჰეილშემი (აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი, მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული სიტყვა) ელიტარული სკოლაა, სადაც მოსწავლეები ბევრს კითხულობენ, ხატავენ,  მსჯელობენ წიგნებისა და პერსონაჟების შესახებ, წერენ ესეებს. ერთი სიტყვით, აქ ხელოვნებას ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა.

არის კი შემოქმედება სულიერების  გამოვლინება? აქვს სული ადამიანს, რომელსაც ხელოვნება არ იტაცებს? იყოფა სიყვარული ჭეშმარიტად და არაჭეშმარიტად? შეიძლება, ორმა ადამიანმა საკუთარი სიყვარულის ჭეშმარიტება დაამტკიცოს?

რაღაც მომენტში დონორებს იმედი უჩნდებათ, რომ ხელოვნება და  სიყვარული მათ საშინელი ბედისწერისგან იხსნის. ხელოვნება, რომელიც, მათი აზრით, სულის არსებობას ამტკიცებს და სიყვარული, რომელიც თავისი ჭეშმარიტების დამტკიცებას მოითხოვს. ამ დროს, შეიძლება, მკითხველმაც და მაყურებელმაც იფიქროს,  მართალია, იშიგუროს ამერიკული ჰეფიენდები არ უყვარს, მაგრამ იქნებ მაინც აირჩიოს ბედნიერი დასასრულიო.

1 2 3 4 5