ყველას  უყვარს იმის აღნიშვნა, რომ ნობელის პრემიას პოლიტიკური სურნელი დაჰკრავს. პრემია სრულიად უცნობ ავტორსაც მიუღია, პოპულარულ ბობ დილანსაც, სვეტლანა ალექსეევიჩსაც, რომლის წიგნებს ზოგიერთები საერთოდ არ თვლიან ლიტერატურად და ა.შ. კაძუო იშიგურო არც სამოქალაქო აქტივისტია, არც რევოლუციონერი, არც სინდისის პატიმარი, არც განვითარებადი ქვეყნის უცნობი პოეტი, არც ლიტერატურულ ენაში მოუხდენია დიადი გარდაქმნები, არც ახალი მიმდინარეობა შეუქმნია ხელოვნებაში, ის უბრალოდ კარგ წიგნებს წერს და შეიძლება ვთქვათ, რომ წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში ამ კაცს ლიტერატურისთვის მიანიჭეს. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ირლანდიელი მწერალი სებასტიან ბერი: როდესაც შეიმას ჰინი გარდაიცვალა, ყველას საშინელი შიში დაეუფლა, რომ ლიტერატურული სამყაროდან წავიდა გული. შეიმასს მანათობელი და ექსტრაორდინალური სული ჰქონდა, და იგივე შეიძლება ითქვას დიდი იშიგუროს შესახებაც.“

კაძუო იშიგურო, მართალია, წარმოშობით იაპონელია, მაგრამ კრიტიკოსები აღიარებენ, რომ ინგლისურ ენაზე ბევრ თანამედროვე ბრიტანელ მწერალზე უკეთ წერს. ის არც იაპონელია და არც ინგლისელი, უფრო სწორად კი, ორივეა – იაპონელიც და ინგლისელიც. იაპონიას იშიგურო მხოლოდ გადმოცემით და ბავშვობის მოგონებებით იცნობს. ის იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში დაიბადა და 5 წლის იყო, როცა მამა ინგლისში გადმოვიდა სამუშაოდ. იშიგუროების ოჯახი ინგლისში დიდი ხნით დარჩენას არ აპირებდა,  ამიტომ, მშობლები კაძუოს მუდამ იაპონიაში დასაბრუნებლად და იქ საცხოვრებლად ამზადებდნენ.

თავად კაძუო იშიგურო განსაკუთრებული  სიყვარულით იხსენებს თავის ბავშვობას და ამბობს, რომ იაპონელი ბიჭი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინგლისის პროვინციაში. ის ეკლესიის გუნდში მღეროდა და ყველა იცნობდა. ხშირად აღნიშნავს, რომ შეიძლება ინგლისელებს რასისტობას აბრალებენ, მაგრამ პირად ურთიერთობებში ისინი რასიზმიდან ძალიან შორს დგანან. ამასთან, მან არაერთხელ გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ თბილი და მოსიყვარულე ინგლისი, რომელიც ბავშვობიდან ახსოვს, თანდათან ქრება. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზოგიერთი ლიტერატორის მოსაზრება, რომ იშიგუროს შემოქმედებაში აუთსაიდერებისა და საზოგადოებისგან გარიყული ადამიანების თემა მისი პირადი გამოცდილებიდან, კერძოდ კი, ბავშვობის პრობლემებიდან მოდის, საფუძველს მოკლებულია.

როგორც იშიგურო იხსენებს, ლიტერატურული შოკი პირველად კონან დოილის შერლოკ ჰოლმსისგან მიიღო. მას არა მარტო შეუყვარდა შერლოკი და უოტსონი, არამედ სკოლაში მათი ფრაზებითაც კი ლაპარაკობდა. ამ უცნაურობას მაშინ მის იაპონელობას მიაწერდნენ.

ახალგაზრდობაში კაძუო იშიგუროს სიმღერების წერა და შესრულება უნდოდა. ის ფოლკ კლუბებში უკრავდა და ლექსებს წერდა, მათ შორის აღსარებით პოეზიასაც. მართალია, მან პოეზიაში და სცენაზე წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ სიმღერების წერა იმ შემოქმედებითი სტილის გამომუშავებაში დაეხმარა, რომელმაც  აღიარება და მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის სახელი მოუტანა. „წერ და ძალიან ბევრს რამეს სიტყვების საფარქვეშ მალავ.“ – ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

1 2 3 4 5