იშიგურომ შვიდი  რომანი გამოაქვეყნა და შვიდივე პოპულარული გახდა. თავის პირველ რომანში, ის ახალგაზრდა იაპონელ ქალზე წერდა, რომელიც ინგლისში ცხოვრობს და მუდმივად იხსენებს და განიცდის ნაგასაკის, იშიგუროს მშობლიური ქალაქის  ტრაგედიას. მეორე რომანში მწერალი იაპონელი ხალხის კოლექტიურ ცნობიერებაში მეორე მსოფლიო ომის ნაკვალევს ეძებს. ამის შემდეგ მან  წმინდა სისხლის ინგლისური რომანი დღის ნარჩენები  დაწერა და საპატიო ადგილი დაიკავა პოლონელი ჯოზეფ კონრადისა და რუსი ვლადიმერ ნაბოკოვის გვერდით, როგორც წარმოშობით არაინგლისელმა, მაგრამ ნამდვილი ინგლისური რომანის ავტორმა. ამ რომანმა იშიგუროს პირველი სერიოზული წარმატება – 1989 წლის ბუკერის პრემია და წლის საუკეთესო წიგნის კატეგორიაში კოსტას პრემია მოუტანა. ხოლო 1993 წლის ეკრანიზაცია (რომელშიც მთავარ როლებს ენტონი ჰოფკინსი და ემა ტომპსონი ასრულენენ), ოსკარის რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

კაძუო იშიგურო პერსონაჟებს წინასწარ კი არ იგონებს, ნაწარმოებში განვითარებული ურთიერთობების, ან დასმული შეკითხვებისა და თემების მიხედვით ქმნის.  მოქმედების ადგილს ყველაზე ბოლოს არჩევს. როცა ამბავი მზადაა, თავისთვის მსჯელობს – „კუბის რევოლუციის დროს ხომ არ ჩამესვა?..“

მის წიგნებში ადამიანები  ხშირად იხსენებენ წარსულს და ცდილობენ, გააანალიზონ ის. იშიგურო ცდილობს გაერკვეს, ცალკეული ადამიანი, საზოგადოება თუ მთელი ქვეყანა, რას იმახსოვრებს და რას ივიწყებს, ან რისი დავიწყება და არდავიწყებაა სასიკეთო, თუნდაც, ნორმალური ქმედება. მას ჩვენი სამყაროს შესახებ წერა ყველაზე კარგად გამოსდის. ის ადამიანის დაბადების ადგილს, ისტორიასა და სოციალურ იერარქიას წარმოაჩენს, როგორც ოქროს გალიას. მისი პერსონაჟები ძირითადად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან, მაგრამ ისინი ამას არ აპროტესტებენ, არ იბრძვიან, არ გარბიან,  თუმცა, ყველანაირად ცდილობენ, ღირსება შეინარჩუნონ. კაძუო იშიგურო არ ცდილობს ადამიანის სულის სიმტკიცის ტრიუმფზე წეროს. მისი ინტერესის საგანია, თუ რამდენად იღებს ადამიანი საზოგადოების მიერ  წაყენებულ მოთხოვნებს თუ თავის ბედისწერას,  სად გადის მისი მოთმინების თუ მორჩილების ზღვარი. იშიგუროს ადამიანი  წარსულში  იმ იმედით იქექება, რომ ეს მას აწმყოს გადაატანინებს და მომავალი ბედნიერების მიღწევაში დაეხმარება. თუ მის შემოქმედებას ძალიან მოკლედ განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ  იშიგუროს ძირითადი თემა საკუთარი თავის მოტყუებაა, რაც ჩვენთვის, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანებისთვის უაღრესად აქტუალურია. ის შესანიშნავად აღწერს, თუ როგორც ვიტყუებთ თავს, როგორ ვცდილობთ, შევიქმნათ საზოგადოებისთვის მისაღები სახე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჩვენი ნამდვილი სახის შეცვლა გვინდა, ნიღბის აფარება კი არა, რას არ ვაკეთებთ, რომ ყალბ სახეს შევეზარდოთ, რითიც, მისი ნიღაბივით ჩამოხსნის ფუფუნებასაც ვიკლებთ.

როდესაც ლიტერატურულ გავლენებზეა საუბარი, მწერალი ამბობს, მასზე ყველაზე დიდი გავლენა  დოსტოევსკიმ, ტოლსტოიმ, ჩეხოვმა და იაპონურმა კინომ მოახდინეს. ლიტერატორების აზრით, კაძუო იშიგუროს პროზა ჰგავს დოსტოევსკის ტექსტებს, მაგრამ დოსტოევსკური გულის ფანცქალისა და ზედმეტი ემოციების გარეშე. ის ძალიან მშვიდად აღწერს, თუ როგორ ქოლავს ადამიანი საკუთარ თავს, იკლავს გრძნობებს, არ აძლევს თავს აღელვების ან ხმის ამაღლების უფლებას. იშიგუროს სამყაროში ადამიანი ცდილობს, იყოს რაციონალური, მშვიდი და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებით აღძრული ემოციები მიჩქმალოს და გულში ჩაიმარხოს. თუმცა, გულში ჩაკლული მე, როგორც წესი, თავს მოულოდნელად იჩენს ხოლმე.

1 2 3 4 5