ბუნებრივია კითხვა: რატომ არ უჩნდებათ ამ ბავშვებს ამბოხის სურვილი? რატომ არ ეწინააღმდეგებიან „ნამდვილ“ ადამიანებს და  სისტემას? კაძუო იშიგურო,  რატომ არ აძლევ ამ ბავშვებს გადარჩენის შანსს?

თუმცა, მეორეს მხრივ, ამბოხის ისტორიის დაწერა მწერლისთვის ხომ უფრო ადვილი იქნებოდა. ალბათ უფრო მარტივია, წარმოიდგინო, როგორ აპროტესტებენ ადამიანები თავის გაუსაძლის ყოფას, არ ეგუებიან ძალადობას, ანგრევენ ძლევამოსილ იმპერიებს. არ შეიძლება, აქ მსოფლიოში კიდევ ერთი ძალიან პოპულარული სიტყვა არ ვახსენოთ, რომელიც თავისთავად წამოტივტივდება – ტოლერანტობა. რას ნიშნავს ეს ყბადაღებული ტოლერანტობა? არ უნდა დაგვავიწყდეს,  რომ იშიგურო გვიჩვენებს ადამიანებს, რომლის ერთადერთი მფლობელი სახელმწიფოა, მათ სახელმწიფო ქმნის, საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და ისე ზრდის, რომ მათ (მის ემილის მსგავსად), კაცობრიობის წინაშე საკუთარ წმინდა მისიაში ეჭვიც კი არ ეპარებათ. დონორებს სხვაგვარი ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ალბათ თავზარდამცემი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ, როცა შანსი უჩნდებათ, დონორობიდან გათავისუფლებას კი არა, ისინი  ორგანოების გაცემის გადავადებას ითხოვენ. გული გიკვდება, როცა ხედავ, რომ ამ ისტორიაში არსადაა თავისუფლების სურვილი, გამოსავლის ძიება ან ბედისწერასთან ბრძოლა.

იშიგურო ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ მყიფე და უმეტეს შემთხვევაში, თვალით უხილავია ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის. და რომ ადამიანებს საკუთარი სამოთხის ბაღის გასაშენებლად ზოგჯერ სხვების ჯოჯოხეთში გაგზავნა სჭირდებათ, ზუსტად ისე, როგორც „ნორმალური“ ადამიანების ჯანმრთელობას სჭირდება კლონების სიკვდილი. იშიგურო იმასაც გვახსენებს, რომ ჩვენ, ყველას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვჭირდება იმისი მტკიცება, რომ ჩვენც გვაქვს სული და რომ ჩვენი სიყვარული ჭეშმარიტია, ოღონდ პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, რადგან არც კი ვიცით, რა არის სული, ან სიყვარული. ამას ვერც კაძუო იშიგურო აგვიხსნის, მაგრამ იმას კი აუცილებლად დაგვანახებს, რომ მთელ სამყაროს გრძნობები მართავს, და რომ ყველა პარალელური სამყარო რეალურია და ყველა რეალური – პარალელური, და რომ ყველგან ერთია შიში – მარტო დარჩენის შიში და უნებურად სულ იმეორებ – არ გამიშვა! არ გამიშვა იქ, სადაც მარტო ვარ, სადაც შენ არ ხარ, იქ, სადაც კლავენ, სადაც მსხვერპლი ვარ, არც იქ გამიშვა, სადაც ვარ მტაცებელი!

და ისევ ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადების ცერემონიას დავუბრუნდეთ, კაძუო იშიგუროს წარდგენას: „უზარმაზარი  ემოციური სიძლიერის რომანებში, რომლებიც შეეხება მახსოვრობას, დროს და საკუთარი თავის მოტყუებას, მან შეძლო  წარმოეჩინა უფსკრული…“

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნობელის კომიტეტი, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება, საკუთარ გულს უსმენს, სამყაროს რაობაზე ფიქრობს და ადამიანების გრძნობებს აკვირდება. თითქოს თავისი არჩევანით გვეუბნება – ადამიანური ემოცია, ხალასი, ძალდაუტანებელი რეაქცია ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ და სიყვარული – აი, რა არის მთავარი.

 

 

1 2 3 4 5