მართლა რომ მოსწონებოდა, ისეთ სახეს ჩააწყობდა, ვითომ მნახა, უკიდურესად არ მოსწონს, მაგრამ ერიდება თქმა და ამიტომ არჩევს სიჩუმეს. იმას აჭამოს ეგ, ვატუკუნას. რეპერტუარიო. სასაცილოა. ხომ დაგენძრა, ბოზო, იმდენად დაბრმავდი, რომ ახალგაზრდა ქალის როლი მოინდომე, ჰოდა, ძალიანაც კარგი! ნეტა როგორია თეატრში ახლახანს მიღებული გოგო? ვატუკუნამ მიქო, სანახავია. შემშურდება? არ ვიცი. დადებითი ემოციები, მხოლოდ დადებითი ემოციები, – დღეს-ხვალ ჯამაგირი დამერიცხება, დღემ საგრძნობლად იმატა, მილიცას დაენძრა, მალე დათბება. ჩავქვესკნელდები მკრთალ განათებაში, იქვე მოვიფიქრებ, რას და როგორ გავათამაშებ და აუცილებლად მოვიპარავ რამეს, იმიტომ რომ, არ მეშინია მე, არაფრის მეშინია და რისი უნდა მეშინოდეს, როცა არაფრის მეშინია! გაიაროს „მარშრუტკამ“, – წადი, მე არსად მეჩქარება! ყვავილების ბაზარი. როცა შიშისგან გავთავისუფლდები, ერთ ყვავილს მივუძღვნი თავს, ვითომ სპექტაკლის მერე მომართვეს თაიგული. კარგია. ჯამაგირი დამერიცხება – კარგია, სამ თვეში გავმდიდრდები – კარგია და აბა, შენ იცი, დეიკო, ლაღად, თავისუფლად იმოგზაურე მიწისქვეშეთში, ნადავლი თვითონ დაგიძახებს, მოკიდებ ხელს და საყვარლად მიითვისებ, სულ ესაა. ქვესკნელის ყელი. მიწისქვეშეთში ჩამავალი კიბე. კიბის პირველ საფეხურთან მათხოვარი ქალი ჯორკოზე. ამვლელ-ჩამვლელს არ აქცევს ყურადღებას. სტატიკა. უძრავი მდგომარეობა. მათხოვარი-„დამეხმარე“-ს გარეშე. საინტერესო ქალია. თუ მდგომარეობაა საინტერესო? ერთიც-მეორეც. არა, არავის აქცევს ყურადღებას, უტექსტო როლი ერთ პლასტიკურ ნახაზში – სასოწარკვეთაში გაქვავება. ეს მისი არტისტული ხელწერაა, ნაფიქრი სახეა აშკარად, „დამეხმარე“-ზე გაცილებით ქმედითია; გამოსცადა, მივიდა აქამდე, არავის აბეზრებს თავს, არაფერს თხოულობს, მისგან მოძებნილი მდგომარეობა ტექსტის გარეშე მუშაობს, – ეს ზუსტად იცის. საერთოდ არ ირხევა; მგონი, არც სუნთქავს. ოფელიას მდგომარეობა, – მონასტერში წადი, მონასტერშიო და იქ დაეცა თავზარი, იქ მოკვდა, მაგრამ როგორ მოკვდა? თვალებში ცრემლი ცოტაა, რადგან ბევრია. რამდენიმე ძუნწი შტრიხი, რამდენიმე გრადაცია, რასაც სრულ გაქვავებამდე მიჰყავხარ და რაც უფრო აქტიური იქნება ამ სცენაში ჰამლეტი, მით უფრო ჩაგწყვეტს გულს ოფელიას გაქვავება, რადგან იქ დამთავრდა ოფელია. ოჰ, მილიცა, მილიცა, ჰუუჰ, მილიცა, მაგრამ – არა, მხოლოდ დადებითი ემოციები, დეიკო, დადებითი ემოციები და ქვესკნელის ყელთან ჯორკოზე მჯდარი მათხოვარი, ვინც მდგომარეობა აქცია არტისტულ სახედ. მათხოვრის ზურგი. მუქი ლურჯი პალტო, თავშალი. ხელთათმანებში ხელები, ვერ ვხედავ, მაგრამ შალის წინდები და ბათინკები აცვია, ალბათ. ფეხი თბილად უნდა ჰქონდეს, ზამთარია, ფეხის სიცივე მთელ სხეულს თოშავს. ვინმეს ჯიხურში ტოვებს, თუ შინიდან მოაქვს სკამი? ტრანსპორტში ფულს არ დახარჯავს, სადღაც აქ ცხოვრობს, შორიახლოს. აღიჭურვა დროისა და ამინდის შესაბამისად, ხელი წამოავლო ჯორკოს, დაიძრა სამსახურისკენ, რადგან უძრაობაა მისი სამსახური, სასოწარკვეთაში გაქვავებაა მისი პროფესია. გაქვავებასა და უძრაობას თბილი აღჭურვილობა სჭირდება ზამთარში. სამუშაო საათები – ათიდან ექვსამდე, მერე შინ – ცხელი წვნიანი, ცხელი ჩაი, პური, ორცხობილა, სითბო, ტელევიზორი, – კეთილსინდისიერად გაასრულა დღე, დაიმსახურა დასვენება, ძალა უნდა აღიდგინოს დილისთვის. არც ულხინს, არც უჭირს სხვაზე მეტად. ალბათ, პენსიასაც იღებს, კომუნალურ გადასახადებს იხდის, შეიგულა ადგილი, სადაც ათიდან ექვსამდე დამატებითი შემოსავალი გაუჩინა უძრაობამ, ჩამოჯდა ჯორკოზე და გაქვავდა. მაგარია! ამ ქალმა იმის სასიკეთოდ მობრუნება მოახერხა თავისთვის, რამაც მე გამტანჯა, დამთრგუნა, რამაც დამაავადა – უძრაობა, უნაყოფობა, მოლოდინის რეჟიმში არსებობა, – აი, ჩემი მდგომარეობა. მან კი თავისი უძრაობიდან გამოჩხრიკა პროფესია, სამსახური, შემოსავლის წყარო, სასოწარკვეთაში გაქვავება აქცია თავის მოწოდებად. მოწოდებად? თუ ასეა, მაშინ უაღრესად  წარმატებული ქალბატონი ყოფილა, მაშინ – ბრავო! ძალიან, ძალიან მაგარი ხარ და სწორედაც შენ მჭირდები ახლა. დალოცვა უნდა გამოვტყუო წარმატებულ მათხოვარს, ხელი მომემართება, უმტკივნეულოდ მომაპარინებს. როგორ? – არ იძვრის ქალი, თავის როლშია, სასოწარკვეთაში გაქვავება „დამეხმარე“-ს არ გთხოვს, მადლობასაც არ გიხდის, დალოცვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ოცთეთრიანით ვერაფერს გავაწყობ, გინდა ოცთეთრიანი მიმიცია, გინდა კასპთან, გზისპირას მდგარი ეკლესიისკენ მანქანიდან მომისვრია ხურდა. არა, ასე არა, ტექსტი უნდა დავტყუო, თავი დავალოცინო და გავმხნევდე. ორლარიანი! გაჭრის! ორლარიანი წარმატებულ მათხოვარს კი არა, მკვდარ მათხოვარსაც აალაპარაკებს. შენიშნოს უნდა ორლარიანი. შენიშნავს. შევანიშნინებ. იქნებ თვლემს, მაშინ როგორ? გავაღვიძებ, არ მომეხათრება. ის თუ

1 2 3 4 5 6