წარმატებული მათხოვარია, მე ახლახანს სამარცხვინოდ ჩავფლავდი და საკუთარი თავის რწმენა უნდა დავიბრუნო. ჰოდა, მას კი არა, მე მჭირდება დახმარება. კეთილი ინებოს და წარმატების მადლი მცხოს გრიმივით, ჰო, გრიმივით, ვითომ ხანდაზმული მსახიობია, მე – დამწყები, გრიმის ცხების რიტუალს ვატარებთ ვითომ. ლაღად, დეიკო, თავისუფლად, ნადირობას წარმატებული ქალბატონის დალოცვით დაიწყებ, წინ – ქვესკნელისაკენ! ჩანთიდან ორლარიანი, თავდაღმა კიბის საფეხურებზე, მათხოვართან, მათხოვარი. როგორც ვფიქრობდი – შალის წინდები, ბათინკები, თუნუქის თავახდილი ქილა მათხოვრის ფეხებთან, ქილის ფსკერზე ხურდები. ვუცქერ, არ მიცქერს, დავყურებ, არ იძვრის, ვუცქერ, ვუცქერ, ამომხედა. პირსახე თავშალში გახვეული, მხოლოდ თვალები, ლიბრგადაკრული ღია ცისფერი თვალები, ანდა – არა, უფრო წყლისფერი, ჰო, წყლისფერი და ლიბრგადაკრული. ღრმად წასული კატარაქტა აქვს. მგონი, ბრმაა. როგორ დამლოცავს, როცა ცხვირ-პირზე აუკრავს თავშალი? თუ ბრმაა, რატომ ამოხედა? იგრძნო, ვიღაც რომ ადგა თავზე, ბრმებს გამახვილებული მგრძნობელობა აქვთ. თითები ორლარიანის კიდეზე, მონეტა უნდა გამოჩნდეს. მათხოვრისკენ. ჩემკენ იცქირება, ფულისკენ – არა, ჰო, ბრმაა. უფრო ვიხრები, მუხლებს ვიკეცავ – დეიდა, კატარაქტა გაწუხებთ? – ვეკითხები. მათხოვრის ხელი თავშალთან, პირი გამოითავისუფლა, – გაფუებული სახე, ტუჩები – თხელი, ნიკაპი – მოკუშტული, ბოროტი, რამდენიმე ჭაღარა წვერი ნიკაპზე, მიცქერს, მიცქერს – ჰა? – მეკითხება. უფრო ვიხრები, გულისხმიერებამ შემაყოვნა, შემზარა ამ ქალის გაუსაძლისმა მდგომარეობამ; მინდა, ფულთან ერთად ჩემი ადამიანური სითბო ვუწილადო, – კატარაქტას უჩივით, ალბათ, არა, ქალბატონო? – ვეკითხები. – ჰა? – ისევ ეს „ჰა“? – მგონი, ყრუცაა. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, რაღა ასეთი მათხოვარი გადამეყარა მიწისქვეშეთის შესასვლელთან. მაგრამ არა, არ მოვეშვები, უკანასკნელი ათლარიანიც მემეტება, ხელთათმანს გავაძრობ, ქაღალდის ფულს მოვაშმუშნინებ თითებით, ჯიბეში ჩავუდებ, ვინმემ რომ არ ააცალოს თუნუქის ქილიდან, მაინც დავალოცინებ თავს, მჭირდება. თხელი ტუჩების შეცმაცუნება და უეცრად ხმა, მისი ხმა – კალმის წვერით მერხზე ნაჩხაპნი ბგერები, გამჭოლი, ცუდი ჟრუანტელის მომგვრელი ხმა, რითიც კი არ ლოცავენ, უფრო წყევლიან ხოლმე, – კატარაქტა არა, სახსრები მაწუხებს, – მეუბნება მათხოვარი.ორლარიანისკენ იცქირება თანაც, არც ბრმაა, არც ყრუ. ორლარიანი ხმაურით თუნუქის ქილაში, წელში ვიმართები, ვნახოთ, რას მეტყვის; დავცქერი, უეცრად ეცვლება გამომეტყველება, უცნაური გაანცება მის სახეზე; გეგონება, ამოიცნოო ჩემი ფარული ფიქრები და ამან მხიარულ ხასიათზე დააყენა, ურთიერთობის გაბმის ჟინი გაუჩინა, სალაყბოდ განაწყო; ანდა -არა, სალაყბოდ სხვაა, ყურში ჩაჩურჩულებით უნდა მეჭორაოსო თითქოს. ლაყბობზე მადისაღმძვრელი ყურში ჩაჩურჩულებით ჭორაობაა. გეგონება, ამისკენ მეპატიჟებაო გაანცებული. ახლა მადლობას გადამიხდის. – ღმერთმა ამრავლოს შენი ოჯახი, – მეტად გაუთხელდა თხელი ბაგე გაღიმებაში, მიცქერს, მიცქერს, საჭორაოდ მეპატიჟება მისი მზერა, არა, ვერა, მივიღე, რაც მინდოდა მათხოვრისგან, კარგად ბრძანდებოდეს, ზურგი ვაჩვენოთ მათხოვარს, ასეე, ნაბიჯი – ჩემი, წკაპუნი მობილურზე. ხელი ჯიბეში, მობილური ჯიბიდან. მესიჯი. ჯამაგირი დამერიცხა. დამლოცა მათხოვარმა და სახელდახელო მესიჯიც მოვიდა. კარგის ნიშანია. რაო, რა მითხრა? „ღმერთმა ამრავლოს შენი ოჯახიო“, – ჰო, ასე მითხრა. პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში – მხოლოდ მე ვარ ჩემი ოჯახი. მერედა რა, ესე იგი, სრულიად მე დამლოცა წარმატებულმა მათხოვარმა. სრულიად მე – სასაცილოა. სრულიად მე და ნაწილობრივ ოკუპირებული სრულიად საქართველო. კიდევ არის რაღაც მოარული ფრაზა, სუფრასთან ამბობენ ხშირად. რა? ჰო, – ზეციური საქართველო. ზეციური საქართველო და მიწისქვეშეთისკენ მიმართული ჩემი მზერა. ლაბირინთი. ხელმარჯვნივ მინის ჯიხურები, ხელმარცხნივ გარემოვაჭრეთა გრძელი