მიხვედი მარტივ გადაწყვეტილებამდე, დეიკო, იმიტომ რომ, რთული გზაა გასავლელი სიმარტივემდე და აიზიდე ახლა, აწიე ტრაკი, ჰო, ასე, დავიძარით კოლმეურნეობის მოედნისკენ. ნაბიჯი – ჩემი, ნაბიჯი – ჩემი, მზერა ფეხებზე. როლის კეთებაც რთულად იწყება, – ტექსტი, პლასტიკა, გმირის ბიოგრაფია, მდგომარეობა. შინაგან სილაღემდე რთულად მიდიხარ. „პადზემკის“ ტუალეტმა მიკარნახა მარტივი გადაწყვეტილება. „პადზემკის“ ტუალეტი. თეთრხალათიანი, წითლად თმაშეღებილი ბებრუხანა ქალი მომცრო მაგიდასთან, სკამზე. მაგიდაზე სველი ხურდა ფული. რატომ სველი? არ ვიცი, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ „პადზემკის“ ტუალეტის თანამშრომელ ქალს სველ მაგიდაზე სველი ხურდა ფული აქვს გაფენილი. იქ ყველაფერი სველი უნდა იყოს, ონკანიდან წამოსულ წყალს კი შარდისა და იაფფასიანი საპნის სუნი უდის, ალბათ. მაგიდაზე გაფენილ ხურდებსაც. ყველაფერს – ბებრუხანა ქალის შეღებილ თმებს, თეთრ ხალათს, თვითონ ქალს, რომელიც ზის სკამზე და ხურდად რკინის სველ მონეტებს გიბრუნებს სველი მაგიდიდან. საზიზღრობაა, არ მინდა. ოცთეთრიანი მაქვს, თუ მაინცდამაინც, იმას მივცემ. მეფსია? არა, არ მეფსია; უბრალოდ, ამინდია ისეთი, გგონია, რომ გამუდმებით გეფსია, თორემ არ მეფსია და არაფრისაც არ მეშინა, იმიტომ რომ, არ მეშინია მე, არაფრის მეშინია, რისი უნდა მეშინოდეს, როცა არაფრის მეშინია, ანდა, რატომ უნდა შემეშინდეს მკრთალ განათებაში და ამიტომაც არ მეშინია მე, არაფრის მეშინია, არც მეშინია და არც მეფსია, ხოლო თუ მეფსია – ცოტათი, სულ ცოტათი და რამე რო იყოს, იქვეა ტუალეტი და ოცთეთრიანიც მაქვს, უცებ მოვითავებ მოსათავებელს და ძალიან უცებ გავეცლები იქაურობას, მაგრამ არც მეშინია და არც მეფსია, მივდივარ, ვმოძრაობ და გავთიშეთ ახლა ტვინი, ხანგრძლივი პაუზით გავთიშეთ ტვინი, იმიტომ რომ, არ მეშინია მე, სრულებით არაფრის მეშინია და კარგია, რომ არ მეშინია, იმიტომ რომ არ მეშინია და მორჩა! ნაბიჯი – ჩემი, ნაბიჯი – ჩემი, ხანგრძლივი პაუზა ტვინში, ნაბიჯი-ჩემი, მზერა ფეხებზე, ფუჰ, შენი!-იდიოტი ბავშვი! დამეჯახა, გარბის. უზრდელი ლაწირაკი! მოეშვი, დეა, კარგზე ვიფიქროთ, მხოლოდ კარგზე – ბანკის ფულს სამ თვეში დავფარავ და გავმდიდრდები. ჯამაგირიდან ჯამაგირამდე ათლარიანი მომყვა, ორლარიანიც და ხურდებიც და მერე ხომ უფრო მეტი მომყვება? სარეცხის მანქანა ჩემი იქნება და ჩემი სრული ჯამაგირიც ჩემი იქნება. მაგარია! – გავისტუმრებ ბანკს და დავისვენებ. თუ? თუ ისევ გავებმები რომელიმე ბანკში? ალბათ, ჰო, რაღაცას ავიკვიატებ და ისევ მივაკითხავ ბანკს. მომწონს ჩემი თავი ბანკში. გაპრიალებული გარემოა, გაპრიალებული გოგო-ბიჭები მუშაობენ ოპერატორებად, სესხის პირობებზე გესაუბრებიან დაწვრილებით, შენც უსმენ, შიგადაშიგ კითხვას ჩაუფენ ხოლმე, საქმიანი ქალი ხარ, საქმეს თვლა უყვარს, ანგარიში, ყველაფრის აწონ-დაწონვა. მსახიობი იქაც თამაშობს, თანაც, გარედან ხედავს თავის თამაშს. მე საქმიან ქალს ვთამაშობ, საქმიანს თუ არა, ძალიან პრაგმატულს მაინც. არაფერი მესმის, მაგრამ ვთამაშობ და მომწონს, როცა ამომწურავად მპასუხობენ და ხაზგასმულად ზრდილობიანები არიან და ქალბატონო დეა, ქალბატონო დეაო, – ასე მომმართავენ. ცხადია,  ბანკის გოგო-ბიჭებიც თამაშობენ, მაგრამ მათი თამაში ძალიან ერთსახოვანია, ძალიან დასწავლილი, ჩემს თამაშში მეტი იმპროვიზზაციაა, მეტი სილაღე. ეს მჭირდება ახლა – სილაღე და იმროვიზაცია. „პადზემკაში“ კი არ მივდივარ ვითომ, სადაც ტუალეტის სუნი იგრძნობა, არამედ რესპექტაბელურ ბანკში, სადაც გაპრიალებული გარემოა და ქალბატონოთი მოგმართავენ ოპერატორი გოგო – ბიჭები. ევრორემონტი ბინაში და რესპექტაბელური ბანკის ინტერიერი, სადაც გიღიმიან, ამომწურავად გპასუხობენ კითხვებზე და ქალბატონოთი მოგმართავენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურესი კუთხიდან უფრო იქით გვაჩოჩებს თითქოს – ცენტრალური ევროპისკენ. კარგია. მინდა იქით, ევროპაში მინდა. იმ ახვარმა მკითხა, რა აზრის ხარ ევროპაზეო. რატომ მკითხა? ისევ ახვარი? დეიკო, გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, მორჩა ნიკო, დამთავრდა ნიკო. კარგზე ვიფიქროთ, მხოლოდ კარგზე. ევრორემონტი და რესპექტაბელური ბანკის ინტერიერი. უფრო სხვანაირად გრძნობ თავს, ღირსეულად, ლაღად, კიდევ რაღაცნაირად, – დაცულად, ჰო, დაცულად. ტერაქტები? ტერაქტი ვერ შეაშინებს, ვისაც ფუგასური ნაღმები დააყარეს ციდან. თუნდაც სიჯიუტის გამო მინდა ევროპაში. მინდა და მორჩა, დიახაც, ასე! ადრე თუ გვიან ევროპა მიმიღებს და მუდმივად მექნება იმის შეგრძნება, რომ თავისუფალი ვარ, ლაღი, თავმოყვარე და დაცული და მთელი ქვეყანა იმას ჰგავს, – რესპექტაბელური ბანკის ინტერიერს. ბანკი. ნეტა ვინ იყო პირველი ბანკირი? რამ გამახსენა, რა შუაშია? შავტყავიან წიგნაკში ჩავიწერე. პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში, მზერა ფეხებზე – ბიბლია, ძველი აღთქმა, იოსები. იოსები იყო პირველი ბანკირი. ფარაონს დაუმონა მთელი ეგვიპტე. იქ შვიდწლიანი

1 2 3 4 5 6