შიმშილი ჩამოვარდა; სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს კუთხეში განსაკუთრებული არაფერი ხდება, -არსებობისთვის ბრძოლაში თავისუფალი მოქალაქეები თავისუფლებას ელევიან, რათა იარსებონ. მობრძანდი, გენაცვალე, აქ მომიწერე ხელი, აქაც, აქაც, ახლა წაბრძანდი, თავისუფალი ხარ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ამიერიდან მონა ბრძანდები, გილოცავ! „თ“. გილოცავ – არა, გილოცავ-თ. “თ“ – ძალიან მნიშვნელოვანია. უხსოვარი დროიდან მოყოლებული მუშაობს ეს ხელშეკრულება და ეს – „თ“, და ეს არჩევანი – პურსა და თავისუფლებას შორის, სადაც უპირობოდ იმარჯვებს პური. მკიდია! ვის თუ რას ვუფრთხილდები, არ მესმის! სამი თვის მერე გავთავისუფლდები ბანკისგან და ისევ შევებმები ბანკის უღელში. მივალ, საქმიან, პრაგმატულ ქალს ვითამაშებ; ანდა, სულაც, ძალიან გაფანტულ ქალს ვითამაშებ. ჰო, მსახიობს ვითამაშებ, ვისაც ყოფითი ამბების არაფერი გაეგება, სულელურ კითხვებს უსვამს ოპერატორს და ისეთია, – ძალიან საყვარელი და მიამიტი და თავფეხიანად გადაშვებული შემოქმედებაში. ეს უფრო მომწონს. ამჯერად ასეთ ქალს ვითამაშებ. ფული – რისთვის? ფანჯრის რაფებს გამოვცვლი, იქიდან უბერავს. ანდა, სამოგზაუროდ წავალ სადმე. სად? პარიზში. მაგარია! პარიზში წავალ, ეიფელის კოშკს ვნახავ, მერე სუვენირებს დავუვლი, ეიფელის კოშკის სუვენირს მოვიპარავ, აქ ჩამოვიტან, შემოვდებ ეიფელის კოშკის სუვენირს კარადის თავზე და ჩემი ბინის ატმოსფერულ წნევაში სრულიად ევროპას შემოვისახლებ. უმაგრესია, მაგრამ ჯერ კოლმეურნეობის მოედნის „პადზემკაში“ უნდა მოვიპარო რამე, შიშისაგან გავთავისუფლდე და ძველი დეიკო დავიბრუნო.  მგონი, ვერ ვაცნობიერებ, მაგრამ ძალიან უცნაური რამ ხდება ჩემს თავს. შიშისგან გასათავისუფლებლად მივდივარ კოლმეურნეობის მოედნის „პადზემკაში“, თანაც ვფიქრობ პარიზზე, სადაც ეიფელის კოშკის სუვენირს მოვიპარავ და გავიჩენ შეგრძნებას, რომ სიმბოლურად მთელი ევროპა შემოისახლე ჩემს ბინაში.  კონცენტრაციისკენ, დეა, მობილიზებულად ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე და შესაბამისად გავლაღდეთ, – დღეს-ხვალ ჯამაგირი დამერიცხება, – კარგია, სამ თვეში ბანკს გავისტუმრებ, – მაგარია, დღემ იმატა – კარგია. მილიცას დაენძრა, – უმაგრესია! ბოზი ეგ, წაკლა! ვიაროთ მიზნისკენ და ვიფიქროთ მილიცაზე. სკანდალი მოაწყოო, – ვატუკუნამ. რაზე – მეთქი სკანდალი? რეპერტუარზე აუხირდა სამხატვრო ხელმძღვანელს, წივილ-კივილი ატეხაო. – კარგი, რა, ვატუკუნა, მილიცას რა ხელი აქვს რეპერტუართან, რეპერტუარი არა, იხვის ტოლმა. ის გოგო ვერ აიტანა, ახლახანს რომ მიიღეს თეატრში. პირგაპარსულმა კარაბას ბარაბასმა როლი მისცა, როლი მილიცას უნდოდა, ამიტომაც ატეხა სკანდალი. შეშურდა მილიცას, შურმა გააბოროტა, გაბოროტებამ დააბრმავა, – სულ ესაა სკანდალის თავი და ბოლო. მე სკანდალის გარეშე ჩავჯექი ჩემი ბინის ატმოსფერულ წნევაში, ესე იგი, მილიცაზე ღირსეული ვარ და ეს კარგია. მომინატრონ ახლა, მომინატრონ, აქეთ მეახლონ, თორემ მილიცა ვინცაა, კარგად მომეხსნება. მიზეზი ის გოგოა, ზუსტად ვიცი, რადგან თეატრის ბუნება ვიცი და ზედმიწევნით ვიცნობ მილიცას. თეატრი. რეპეტიცია. მსახიობი ქალი სცენაზე უკივის პარტნიორ მამაკაცს, – პირიდან მყრალი სუნი ამოგდისო; მამაკაცი იმავე ხარისხში პასუხობს ქალს – შენ კი იფურთხები, როცა ტექსტს ამბობ და მომბეზრდა შენგან მოფრქვეული ფურთხის ატანაო და ჰო, ასე, ერთ ტონალობაში უკივიან ერთმანეთს და ამაში არაფერია გასაკვირი. რაღაც ეტაპამდე ექაჩები პარტნიორს, ცდილობ, მოირგო და მოერგო კიდეც, მაგრამ თუკი ვერ გიხერხდება, ჩნდება პანიკური შიში, რომ ჩავარდები, ჩაისვრი, როლი გაგიცუდდება და ამაში პარტნიორს ადანაშაულებ. სცენა საერთო აბანოსავითაა. ერთი მოცემულობა, ერთი ლოკაცია, ერთი ატმოსფერო, რაც ერთმანეთის მსგავს ფიქრებს, სიტყვებსა და ქმედებას გკარნახობს. ქალი და მამაკაცი თეატრის მიღმაა ქალი და მამაკაცი, სცენა ერთ სიმხურვალეში სიშიშვლეა. ცხოვრება მართლაც თეატრია, მაგრამ თვითონ თეატრის ცხოვრებაა განსხვავებული ცხოვრება, სადაც არც სქესი არსებობს, არც ასაკი. უფრო მკაცრია, არა, უფრო სასტიკი, უფრო ვერაგი. – უიმე, რა კარგი ხარ, დეიკო, დავესწარი რეპეტიციას და ძალიან კარგი ხარ, ძალიანო – მილიცამ. გავუღიმე, მადლობაც გადავუხადე, მაგრამ ზუსტად გავაცნობიერე, როლი თავიდან მქონდა გასაკეთებელი.

1 2 3 4 5 6