(ნაწყვეტი რომანიდან)

ზამთარი. ოთხშაბათი.

 

ალექსანდრეს ბაღში ნაბიჯი – ჩემი, ნაბიჯი – ჩემი, სკამი, სკამზე. მოღრუბლული დღე. ჟინჟლი. წითელი ხრეში, მაღალი ნაძვები, ლეონიძის ძეგლი ზურგიდან, მე – სკამზე. ახლა – სად? არ ვიცი. მოძრაობა სჯობს. საით? „არიოლ-რეშკას“ ავაგდებ, „არიოლი“ მშრალი ხიდი იყოს, „რეშკა“ კოლმეურნეობის მოედანი. ხურდა? მაქვს. რკინის ორლარიანი და ათლარიანიც. დღეს-ხვალ ჯამაგირი დამერიცხება. ჯამაგირიდან ჯამაგირამდე ათლარიანი მომყვა. და ორლარიანიც. კარგია. იქნებ კაფეში? ფინჯანი ყავა და იქ მოვიპარო რამე. არა, კაფეში მეშინია. რატომ? არ ვიცი, მაგრამ კაფეში მეშინია. თუნდაც სამარილე მაგიდიდან? არა. შიში. იმ ახვარმა ამკიდა შიში. ჩამიტოვა. ჩამისახლა. ჩამიმდგმურა. შიშია მეპატრონე, მე – საცოდავად შეყუჟული მოჩენილ, ჰო, მისგან მოჩენილ ფართში. დამაპატარავა შიშმა, შემიოთახა თავის წიაღში, იქ მაცხოვრებს, იქიდან მხარკავს, თანაც ქირას ეძახის ხარკს. ახვარი ეგ. ცივა. მოძრაობა სჯობს. ვიცი. საით? არ ვიცი. შეყვარებული წყვილი სკამზე. ეთბობიან ერთმანეთს. იმათ არ სცივათ. პენსიონერები. ისინიც სკამზე. აქ ურჩევნიათ, ერთმანეთთან. მე აქეთ, ისინი – იქით, ლეონიძის ძეგლი ზურგიდან, ღრუბელი – ცაში. მოძრაობს. ღრუბელი მოძრაობს, მე – სკამზე და არ ვიცი, როგორ, საით, სად დავძლიო შიში, იმ ახვარმა რომ ჩამიტოვა, მაგრამ თავს უნდა მოვერიო და მოვიპარო რამე, თორემ ძალიან ცოდო ვარ ასე, სკამზე, ალექსანდრეს ბაღში მარტო და არ ვიცი – სად, საით, როგორ, რა მოვიპარო, რათა დავძლიო შიში, იმ ახვარმა რომ ჩამიტოვა. ჩაქუჩი წაიღეო. შეგეცი! ხომ ამოგშალე ფეისბუქმეგობრებიდან, ეგეც შენ, ახვარო, მიგზავნე ახლა ფეისბუქბარათები ფეისბუქმტრედებივით. რომ არ წამეშალა, გამომიგზავნიდა? არა, არ არსებობს; შემხვდა თაბუკაშვილზე, თავი დამიკრა ოდნავ. ისე, უზრდელობაშიც რომ ვერ დაადანაშაულებ, ჰო, ისე, ვითომც არაფერიო, ვითომც არაფერიო და ჩაიარა, წავიდა. მე ვაპირებდი ასეთ სალამს, აქეთ ჩამიტარა. არ მივსალმებივარ, იმიტომ რომ, მარტო იყო და ისე მომესალმა, ვითომც არაფერიო, მაგრამ სხვის დასანახად მომიწევს მისალმება, არ მინდა ჭორი. რას ფიქრობს ჩემზე? მკიდია; რაც უნდა ის იფიქროს, მე ხომ ვიცი, რა მძორიცაა, ჰოდა, იფიქროს, რასაც მასზე ვფიქრობ და გაიტანჯოს, ჰოდა. პაუზა ტვინში, პაუზა – ტვინში – არა, არ გაიტანჯება, გადახარშა უკვე, სალამზეც ეტყობოდა. მე ვიტანჯები, ახვარი – არა. იქნებ ისიც? არა, უბრალოდ, მე მინდა, ისიც იტანჯებოდეს, სულ ესაა. რა მოხდებოდა ის დღე საერთოდ არ ყოფილიყო, არ ყოფილიყო, რა, ნეტა არ ყოფილიყო, ნეტა და მე ვყოფილიყავი იმ დღის გარეშე, ჩემთვის, მშვიდად, შეგუებულად ჩამჯდარი ჩემი ბინის ატმოსფერულ წნევაში. ვითომ მშვიდად ვარ ჩამჯდარი? არა, ვერა. მეგონა, ჩემი უწინდელი მდგომარეობა მაგიჟებდა, თურმე სადა ხარ, უარესი წინ გელის. შიში გხარკავს, დეა და აუცილებლად უნდა დაძლიო შიში, უნდა მოიპარო, აუცილებლად, აუცილებლად, მაგრამ – რა? არა, წინასწარ აღარაფერს დავგეგმავ, არა, და ვზივარ ახლა ალექსანდრეს ბაღში ეული პენსიონერივით – არ ვიცი სად, როგორ, რა, საით, და ცოდო ვარ ასე, ჰო, ძალიან ცოდო. იმპროვიზაცია, დეიკო, ლაღად, თავისუფლად, იქვე გათამაშებული იმპროვიზაციით და მოიპარავ, გათავისუფლდები შიშისაგან, მაგრამ სილაღე უნდა მოიხელთო, სილაღე გჭირდება, დაძაბული ხარ, დეიკო, დაჭრილ ნადირს გავხარ, შიმშილმა გამოაგდო ბუნაგიდან და არ იცის, მოინადირებს რამეს, თუ აქეთ შეჭამენ. დამიკრა თავი, მომესალმა და ვითომც არაფერიო, ჩაიარა, წავიდა. ახვარი ეგ. საერთოდ ფიქრობს რამეს ჩემზე, ვეფიქრები ხანდახან? მკიდია. პაუზა ტვინში. არ მკიდია. პაუზა ტვინში, პაუზა ტვინში – უნდა დავიკიდო, მორჩა ნიკო, დამთავრდა ნიკო. ავიზიდეთ, დეიკო, ავიზიდეთ, მიეყინები ამ სკამს! საით ავიზიდეთ? არ ვიცი. მარჯვნივ მშრალი ხიდი, ზურგსუკან – კოლმეურნეობის მოედანი, ღრუბელი ცაში, მაღალი ხეები, მეეზოვე ბერიკაცი აქანდაზითა და ცოცხით. რა საშინელი ფერის უნიფორმაა. მეეზოვე დაჩამიჩებული სტაფილოსავით ნაძვისკენ. სტაფილოსფერი უნიფორმა რატომ? რა მნიშვნელობა აქვს, სტაფილოსფერი და მორჩა, ამინდიც ისეთია, ნებისმიერი ფერის უნიფორმა მომჩხაპნიდა თვალს. მოღრუბლული დღე. ჟინჟლი. მეფსია? არა, არ მეფსია; თუ მეფსია – ცოტა, „პადზემკაშია“ ტუალეტი, იქ მკრთალი განათებაა, თანაც ვაჭრობენ – ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კასეტები, მწვანე აფთიაქი, ძველმანები, შარფები, – და ეს ყველაფერი მიწისქვეშა გადასასვლელის მკრთალ განათებაში. მკრთალი განათება დამეხმარება. შიშს დამაძლევინებს. ჰო, იქით. „არიოლ-რეშკა“ არ სჭირდება, რაც თავისთავად ცხადია. კოლმეურნეობის მოედანზე რამდენიმე ბაზარი, პატარა მაღაზიები და „პადზემკა“, სადაც მკრთალი განათებაა. რთული გზით

1 2 3 4 5 6